ლევან მახაშვილი PACE-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ – ერთადერთი, რასაც ვითხოვთ არის ის, რომ ვიზიტის შედეგებში სამართლიანად იქნება ასახული ჩვენი პოზიციებიც

მათგან ერთადერთი, რასაც ვითხოვთ არის ის, რომ ანგარიში იქნება თუ სხვა რამ, ვიზიტის შედეგებში სამართლიანად იქნება ასახული ჩვენი პოზიციებიც და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დასრულდება უსამართლო მიდგომა, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს, მათ შორის, არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე და, ასევე, იმ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება.
„გვქონდა ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული საუბარი ყველა იმ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც მათთვის შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არჩევნებზე, საქართველოში მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ყველა იმ თემაზე, რაც საზოგადოებას მოსმენილი აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრისგან, მათ შორის, ის ბრალდებები, ხშირად უსამართლო და უსაფუძვლო, რასაც ვიგებდით ხოლმე საპარლამენტო ასამბლეის წევრებისგან. მათ მაქსიმალურად შეინარჩუნეს დუმილის უფლება იმ გაგებით, რომ მათი გადმოსახედიდან, ამ ვიზიტის ფარგლებში ისინი არ აპირებდნენ დამატებითი შეფასებების გაკეთებას. მათი მთავარი როლი არის მოსმენა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის წარმომადგენლების მხრიდან და ამ ვიზიტის საფუძველზე შემდგომ ინფორმირება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის როგორც წევრების, ასევე თავად ადმინისტრაციის, ამიტომ განსაკუთრებული შეფასებები მათგან არ მოგვისმენია.
იყო კითხვები ჩვენი მხრიდან, თუ არსებობდა რაიმე სხვა გამოცდილება ევროპის საბჭოში კანონებთან დაკავშირებით, რადიკალურ ჯგუფებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლებოდა კრიტიკა ყოფილიყო საქართველოს მიმართ, თუმცა, როგორც გითხარით, მაქსიმალურად თავი შეიკავეს კომენტარებისგან იმ მიზეზით, რომ მათი მთავარი მიზანი არ არის შეფასებების გაკეთება ამ ეტაპზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შედეგი, რაც იქნება, ანგარიში იქნება თუ სხვა, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციებიც, ის კონტექსტი, რა ნაბიჯებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და რატომაც დგამს, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება.
მათგან ერთადერთი, რასაც ვითხოვთ არის ის, რომ ანგარიში იქნება თუ სხვა რამ, ვიზიტის შედეგებში სამართლიანად იქნება ასახული ჩვენი პოზიციებიც და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დასრულდება უსამართლო მიდგომა, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ აქამდე და გადაწყვეტილების მიღებისას, პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას ყველა დაეფუძნება ფაქტებს და არა ბრალდებებსა და შეხედულებებს.
მათი ინტერესის საფუძველზე ჩვენ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო სარჩელზეც (პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით), რას ეფუძნება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, რატომ გადავწყვიტეთ ამ სარჩელის წარდგენა და ა.შ.“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.