რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოზე ზეწოლის მიზნით „ჰიბრიდული მეთოდების“ გამოყენებაში. მარია ზახაროვამ ეს განცხადება 2026 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
საუბარია, კერძოდ, სომხეთის ხელისუფლების განცხადებებზე, რომ რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს.
„მოიგონეს „ჰიბრიდული ომების“ კონცეფცია და მაშინვე აქტიურად დაიწყეს მისი პრაქტიკაში გამოყენება ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა. არც ისე დიდი ხნის წინ, სომხეთის მეზობელ საქართველოში „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავი მთელი თავისი „ჰიბრიდული დიდებით“: ისინი უხეშად ერეოდნენ შიდაპოლიტიკურ პროცესებში, აძლიერებდნენ „მაიდანის“ განწყობებს, ართმევდნენ თბილისს განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას და პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებდნენ, ემუქრებოდნენ, რომ ისედაც ილუზორულ ევროპულ პერსპექტივებს ჩამოართმევდნენ. ასეთი მიდგომა ჩვენთვის უცხოა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და კვლავაც პატივს ვცემთ ნებისმიერი ხალხის სუვერენულ არჩევანს“, – თქვა მან.
სომხეთზე საუბრისას მან მიუთითა „რესპუბლიკაში რუსეთთან კავშირების განვითარების მომხრეთა დევნაზე“ და პარალელები გაავლო მოლდოვასთან.
ამასთან, ზახაროვამ დაამატა, რომ რუსეთი „ყოველთვის იყო და რჩება სომხეთის საიმედო მოკავშირედ“. მან აღნიშნა, რომ ნოემბერში რუსეთიდან სომხეთში ხორბლის მიწოდების ორგანიზება „უმოკლეს დროში“ მოხდა, „ახლად გახსნილი სარკინიგზო მარშრუტით აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით“.
“სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში მონაწილეობისას, რუსეთი მუდმივად ხელმძღვანელობდა მათი სუვერენული ეროვნული ინტერესებით. თუმცა დასავლეთის შუამავლობის მცდელობებს ჯერ კიდევ წინ აქვს დროის გამოცდის გავლა“, – განაცხადა მან.
მარია ზახაროვამ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში ერთადერთი მოთამაშე არ ყოფილა.




