მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ

ქუთაისის საქალაქო სასამართლო იწყებს გაზეთ “ბათუმელებისა” და ონლაინ პლატფორმა “ნეტგაზეთის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას. მას ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე – გამოძიება ამაღლობელს პოლიციელ ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებოდა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
მზია ამაღლობელის მიმართ ს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პროკურატურაც და მისთვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის საქმის განხილვა პატარა, 24-კაციან დარბაზში დაიწყო – სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი არა მხოლოდ დარბაზის, არამედ სასამართლოს ეზოს გარეთ დარჩა. დაცვის მხარის შუამდგომლობა დარბაზის შეცვლის შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გარეთ დარჩენილები სპონტანურ აქციას მართავენ – რუპორში შეძახილები ისმის სასამართლო დარბაზშიც. მზია ბრალდებულის სკამზე არ ჯდება და სხდომას ფეხზე მდგომი ესწრება.
მისი სასამართლო მოსმენების განმავლობაში პირველად, მზია ამაღლობელს ნება დართეს, შუშით შემოფარგლული სივრციდან გამოსულიყო და ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო.
საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარეა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე.
მოსამართლეს დაცვის მხარემ მიმართა რამდენიმე შუამდგომლობით, რომელთა შორის იყო საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების და ასევე იმ ჯილდოების, რომლებიც მან ციხეში ყოფნისას მიიღო. მოსამართლემ ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, შეეხებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას.
“მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, მაგიზტრატურაში კი ბიზნეს მენეჯმენტი. სახელწლოდებაში სანთლით რომ ეძებოთ, არაფერი წერია სამართალზე…
მან გვითხრა, მოგვეძიებინა მისი დიპლომები და გვენახა, რა იყო… მას შემდეგ დავიწყეთ დიპლომის მოძიება და გარკვევა, რამდენად აქვს მას სამართალმცოდნის კვალიფიკაცია…
იუსტიციის საბჭო არ იძლევა დიპლომის ასლს, უნივერსიტეტი კი არ გვაძლევს განმარტებს. ამ შემთხვევაში მოქმედებს დაშვება, რომ მას არ აქვს სრული იურიდიული განათლება” – უთხრა სასამართლოს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
“მე შინაარსობრივად არ შევალ ჩემი კოლეგიის კვალიფიკაციაში – “ჩემი პატივისცემა ყველა ჩემს კოლეგას… [დიპლომთან დაკავშირებით] ეს ამ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში არაა… იმას არ ვამბობ, რომ ეს საგუძველი დაერთოს ახალ პროცესს, მაგრამ ჩვენს საქმესთან შემხებლობა არ აქვს…” _ თქვა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა.
საქმის განხილვის დაწყებამდე საკუთარი ტელეფონის დაბრუნება მოითხოვა მზია ამაღლობელმა, რომელსაც პროკურორმა უთხრა, რომ ტელეფონი ჯერაც ექსპერტიზაზეა და როცა საგამოძიებო უწყებას დაუბრუნდება, მას უკან დაუბრუნებენ.
მზია ამაღლობელმა იკითხა, რა საქმის ფარგლებში უტარდება მის ტელეფონს ექსპერტიზმა.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ დასკვნა მომზადდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. მზია ამაღლობელის მობილურს ექსპერტიზა უტარდება პატაკის საფუძველზე, რომელიც მოგვიანებით მტკიცებულებებიდან თავად პროკურატურის შუამდგომლობითვე ამოირიცხა.
სასამართლოში მზია ამაღლობელმა სიტყვის უფლებით ისარგებლა:
“ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვნის გამო დამნაშავედ მცნო.
მოსამართლე სახელაშვილმა 2 წლით გამიშვა ციხეში. ალბათ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც ბატონი პროკურატურა მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ.
ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან – არც ბრალდებას და არც მოსამართლეს.
ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფ “ოცნების” ლიდერებს პროპაგანდული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს.
ამ მოცემულობაში არ ვიცი სასამართლოს რამდენად გამოუვა ჩემგან კრიმინალი შექმნას…
ვფიქრობ, რომ 2 წელი ვიქნები თუ 7, სასჯელის ეს სახე, რასაც მოსამართლე სახელაშვილი განაჩენში წერს, ამ პატიმრობას ვერ ექნება ჭკუის სასწავლებელი ფორმა ვერც ჩემთვის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის…
მჯერა, დღეს იქნება თუ ხვალ, ჩემს საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ჩამოშორდება და საქართველოში თუ არა ჩვენს ევროპულ ოჯახში (სტრასბურგის სასამართლოში)…
სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ბოლომდე, გამარჯვებამდე.
უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არფერი მგონია. არ უნდა შევეგუოთ, აქაც იმიტომ ვარ, ვასაჩივრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვ სამართლიან გაფაწყვეტილებას” – თქვა მან.
შემდეგი სხდომა ამ საქმეზე 14 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
კიდევ ერთი სხდომა კი 18 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა, ხოლო ერთს გირაო შეუფარდა

შს მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა – უწყების ცნობით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო