მზია ამაღლობელი – ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს

ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს – ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციოში სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მის საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან.
„ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვნის გამო დამნაშავედ მცნო. მოსამართლე სახელაშვილმა 2 წლით გამიშვა ციხეში. ალბათ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც პროკურატურა მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ.
ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან – არც ბრალდებას და არც მოსამართლეს.
ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების” ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს.
უსამართლო სასამართლოზე დიდი ბოროტება არაფერი მგონია. არ უნდა შევეგუოთ, აქაც იმიტომ ვარ, ვასაჩივრებ ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვ სამართლიან გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მზია ამაღლობელმა, რომლის სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, პროკურატურა მითხოვს რომ შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დამნაშავედ იქნას ცნობილი. კერძოდ, პროკურატურა ბრალის ისევ დამძიმებას მოითხოვს – 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.
ადვოკატებმა დარბაზის გაზრდის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და შესაძლოა, შემდეგ სხდომა უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს.