გერმანიაში დააკავეს პოლიტიკოსების მკვლელობისკენ მოწოდებებში ეჭვმიტანილი კაცი

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პოლიტიკოსების მკვლელობისკენ მოწოდებებსა და პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებაში.
ფედერალური პროკურატურის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქე, წარმომავლობით პოლონელი მარტინ ს. 10 ნოემბერს, საღამოს დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილი DarkNet-ში არსებული პლატფორმის მეშვეობით ავრცელებდა მის მიერ „სიკვდილმისჯილი“ პოლიტიკოსების სიებს, მოწოდებებს მათი მოკვლისკენ, პოტენციურ მსხვერპლთა კონფიდენციალურ პირად მონაცემებს, ინსტრუქციებს ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად და მკვლელობებისთვის ჯილდოს გაცემის მიზნით შემოწირულების სახით აგროვებდა კრიპტოვალუტას.
ფედერალური პროკურატურა არ ასაჯაროებს ვინაობას იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მარტინ ს.-ის სიაში იყვნენ. სამართალდამცავებმა მისი პლატფორმა ინტერნეტიდან გათიშეს.
დაკავებულის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის დაფინანსების, ძალადობის მძიმე აქტისკენ მოწოდებებისა და პერსონალური მონაცემების გავრცელების ბრალდებებით.
გერმანული ტელეკომპანია ARD-ს ინფორმაციით, დაკავებული 49 წლის მამაკაცი „რაიხსბიურგერების“ რადიკალურ მოძრაობასთან დაახლოებული მემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც პოლიციის ყურადღება პირველად 2020 წელს მიიქცია კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მთავრობის მიიერ მიღებული ზომების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების დროს.
„რაიხსბიურგერები“ არ აღიარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას, თავს მიიჩნევენ „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად, უარს ამბობენ გადასახადების გადახდაზე, უარყოფენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ა.შ.
გერმანიაში 1980-იან წლებში შექმნილი ეს მოძრაობა დიდხანს ითვლებოდა მარგინალურ გაერთიანებად, მაგრამ ბოლო წლებში სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცა მზარდი რადიკალიზაციის გამო.
ფორუმი