პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი თანამომხსენებლებთან შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ოქტომბერში გამართული ადგილობრივი არჩევნებით, საქართველოში დაიხურა მორიგი საარჩევნო ციკლი და მომავალი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის, მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის კუთხით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კვლავ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით, რამაც „პასე“-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი არჩევნები იმავე პირობებში ჩატარდა, როგორც საპარლამენტო არჩევნები, თუმცა, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ შეწყვიტა ბოიკოტი და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ეს ფაქტიც, არაპირდაპირ, ადასტურებს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განზრახ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე. შალვა პაპუაშვილმა თანამომხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ კანონებს, რომელთა თაობაზე კრიტიკული განცხადებები კეთდება, განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ამიტომ, პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის საკითხი.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს და საპარლამენტო ასამბლეის ერთგულ წევრად და ხაზი გაუსვა ასამბლეის მხრიდან სუვერენიტეტის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.



