გიორგი მურუსიძე არ აპირებს თავის არიდებას იმ ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომელიც მას აქვს მოქალაქეთა წინაშე, ის ეტაპობრივად დააკმაყოფილებს თითოეული დაზარალებულის ინტერესს,- ამის შესახებ „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის, ადვოკატმა გაგი ჩოხელმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი მურუსიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
„მრავალტომიანი საქმეა, ამიტომ დაცვის მხარე ამ ეტაპზე საქმის მასალებს სრულყოფილად არ იცნობს, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ აპირებს თავის არიდებას იმ ნაკისრი ვალდებულებებისგან, რომელიც მას აქვს მოქალაქეთა წინაშე, ის ეტაპობრივად დააკმაყოფილებს თითოეული დაზარალებულის ინტერესს.
ხვალ ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, გირაოს გამოყენების მხრივ იქნება, რადგან ბრალდებულების თავისუფლებაზე ყოფნა, ხელს შეუწყობს დაჩქარდეს და დროულად, თითოეულმა დაზარალებულმა მიიღოს ის თანხები, რომლებიც მათ ჩადეს.
არ ვიცი, სად იმყოფება, თუმცა ახლობლებთან არის კავშირზე, ის აქტიურად მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაიწელოს დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა.
წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, თუმცა მოქალაქეების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ გაურბის, აპირებს, რომ თითოეული დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდეს“, – განაცხადა გაგი ჩოხელმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.




