ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარი დღეს ისევ დაკეტილია. გუშინ, გიორგობის დღესასწაულზე, ქურმუხში, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებში, წირვა დილიდან აღევლინა, მრევლიც მრავლად იყო, თუმცა საღამოს, ტაძარი, ისევ ექვსი თვით დაიკეტა.
„აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში, კახის, ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებმა ქართველებმა იციან აზერბაიჯანული ენა, თუმცა ეს მათ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საკმარისი არ არის. ინტეგრაციის, საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი და დონე არის ძალიან დაბალი. თემურ ტარტარაშვილი
ქურმუხის უძველესი ქართული ეკლესია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიული ჰერეთის მიწაზეა. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართული წარმოშობის, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ტაძრებში ლოცვის უფლება, წელიწადში მხოლოდ ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აქვთ.
40 ათასამდე ქართველი, ჰერები, ინგილოები, როგორც მათ ასევე ეძახიან, საქართველოს მოსაზღვრე სამ რაიონში ცხოვრობენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ისტორიკოსი თემურ ტარტარაშვილი:
„აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში, კახის, ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებმა ქართველებმა იციან აზერბაიჯანული ენა, თუმცა ეს მათ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საკმარისი არ არის.
ინტეგრაციის, საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი და დონე არის ძალიან დაბალი. ეს თუნდაც, იქიდანაც ჩანს, რომ ამ რეგიონში. ქართველები არ ინიშნებიან თანამდებობებზე. თუ არ ჩავთლით, ქართული სკოლის დირექტორისა და ქართველებით დასახლებულ რამდენიმე სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობებს.“
ჰერეთი, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მოსწყდა ერთიან ქართულ სივრცეს. ტერმინმა “საინგილომ” ამ მხარის აღსანიშნავად, აქტიურად მოგვიანებით მოიკიდა ფეხი.
განსაკუთრებით, 1921 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა რუსეთის მოთხოვნით და ქართველი ბოლშევიკების ღალატით, ეს მხარე აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცეს.
ინგილო, თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. 20-იანი წლებიდან მოყოლებული ადგილობრივ ქართველებს, ხან თურქულ სკოლებს უხსნიდნენ, ხან აზერბაიჯანულს. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ქართული სკოლების მასობრივი გახსნა-დახურვა გასულ საუკუნეში, მინიმუმ შვიდჯერ მაინც მოხდა.
ურჩ ქართველთა დიდი ნაწილი 30-იან წლებში უბრალოდ დახვრიტეს ან გადაასახლეს. საბჭოთა პერიოდში, ბოლოს, 1982 წელს დაიხურა ზაქათალის ქართული სკოლა-ინტერნატი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება.
„კულტურის სფერო, ფაქტიურად, აქ სრულიად მიტოვებულია. არ იმართება ქართული მუსიკის, პოეზიის საღამოები, მხატვრების გამოფენები. ადრე, ჩვენთან იყო იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებები. მაგრამ, რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, კულტურული ცხოვრება სრულიად ჩაკვდა. მე ვიცი, რომ საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ბევრი ცენტრი მოქმედებს. ზურაბ პაპიაშვილი, კახის მკვიდრი
ლოცვის აკრძალვას, გასულ წელს, სოფელ ალიაბადში ერთადერთი ქართული კულტურის ცენტრის შენობის დაწვა მოჰყვა. კახში მცხოვრები ზურაბ პაპიაშვილი ამბობს:
„კულტურის სფერო, ფაქტიურად, აქ სრულიად მიტოვებულია. არ იმართება ქართული მუსიკის, პოეზიის საღამოები, მხატვრების გამოფენები. ადრე, ჩვენთან იყო იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებები. მაგრამ, რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, კულტურული ცხოვრება სრულიად ჩაკვდა.
მე ვიცი, რომ საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ბევრი ცენტრი მოქმედებს. საქართველომ შარშან გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა კახში ქართული კულტურის ცენტის აღდგენას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისფლებამ ეს შემოთავაზება უარყო და თითქოს საკუთარ თავზე აიღო ამ ცენტრის აღდგენა. სამწუხაროდ, დღეს კულტურის ცენტრის ადგილზე ისევ ისეთივე დანგრეული შენობაა.“
კიდევ უფრო მძიმეა ის დისკრიმინაციული პრობლემები, რომლებზეც საჯარო საუბარს, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები გაურბიან.
ზაქათალის და ბელაქნის რაიონებში, ქართველებს არ აქვთ უფლება ბავშვს ქართული სახელი დაარქვან. მშობელმა ბავშვის სახელი მხოლოდ ადგილობრივი ბიუროკრატიის მიერ შედგენილი სპეციალური სიიდან უნდა შეარჩიოს.
აზერბაიჯანელთა მოთხოვნით, უკვე ხუთი ქართველი მღვდელი იქნა გამოძევებული საინგილოდან. ქართველობის გამო, დისკრიმინაციას განიცდიან არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ მუსლიმი ქართველებიც.
მათ არ აქვთ უფლება აღიდგინონ ისტორიული გვარი, არ აქვთ შანსი, თბილისში მიღებული განათლებით, აზერბაიჯანში სამსახური იშოვონ. ამის გამო იძულებულები არიან შვილებს თავიდანვე, განათლება ქართულის ნაცვლად, აზერბაიჯანულ ენაზე მისცენ.
25 წლის რამინ ჯაბრაილოვი, წარსულში ჯაფარიძე, სოფელ მოსულიდან არის და დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. რამინი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ აზერბაიჯანში ქართველს, საქართველოში კი თათარს ეძახიან:
„რაკი ქართველები ვართ, აზერბაიჯანელების მხრიდან არის ზეწოლა. ღია, არა, მაგრამ არის. არ მოსწონთ, რომ განათლებას იქ ქართულ სკოლაში, შემდეგ კი საქართველოში რომ ვიღებთ. ვინც აქეთ ამთავრებს უნივერსიტეტს და იქ ჩადის, პრობლემებს უქმნიან რომ სამსახური დაიწყოს. ან თუ შეძლო დაწყება, თანამდებობას არ აძლევენ.




