„ქართული ოცნების“ წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, მზია ამაღლობელმა „კრიმინალური დანაშაული“ ჩაიდინა.
ამის შესახებ მან 10 ნოემბერს პარლამენტში, ადამიანების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სოფიო ხორგუანის საპასუხოდ განაცხადა.
„გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა სოფო ხორგუანმა ისაუბრა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე. ხორგუანმა შეადარა მზია ამაღლობელისა და მარიამ ლაშხის საქმეები, როდესაც „ოცნების“ დეპუტატმა აქტივისტებს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ ისინი შვილებთან ერთად მყოფ ლაშხთან მივიდნენ და მმართველი პარტიის პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
სოფო ხორგუანმა მარიამ ლაშხს შეახსენა, რომ მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, მას თმენის ვალდებულება ჰქონდა.
ლაშხის განცხადებით, მისი და მზია ამაღლობელის საქმეების ერთმანეთთან შედარება უადგილოა.
„რაც შეეხება უშუალოდ შედარებებს, ერთი არის კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონი მზიას შემთხვევაში მოხდა და, პირველ რიგში, ეს არ იყო, უშუალოდ სილის გაწვნა არის ტკივილი თუ გაწითლება, ეს იყო ინსტიტუციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რის გამოც ხდება პასუხისგება.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გამოცდილებას და თმენას, არ ვიცი, რამდენად ადევნებდით მაგ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებს, არც ერთხელ და არც ათასჯერ არ გასჭირვებიათ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, თმენის ვალდებულება შეენარჩუნებინათ. თუმცა, როდესაც ეს ეხება ბავშვებს და აქ ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ როდესაც ეს გავაკეთე მე და საჩივარი [შევიტანე], ამით არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, სხვაც დავიცავი და პასუხი გავეცი იმ ქმედებას, რომლის დაკანონებაც სურდათ მათ და, შესაბამისად, ეს ჯაჭვი უნდა გაწყვეტილიყო“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
· რა ხდება?
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებდა – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. საბოლოოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახალი მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში ყოფნისას მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია მიიღო. ეს პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოა და მას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.
ავტორი: ნინა სიგუა




