ხუთ ადამიანს შორისაა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ლევან კუპატაშვილი – ის დაკავებულია.
პროკურატურის თქმით, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბიუჯეტს ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
მათ ბრალი ედებათ:
· სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში;
· ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში;
· დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში;
· სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვაში.
ეს ინფორმაცია დღეს, 10 ნოემბერს პროკურატურაში 17:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ.
გამოძიების ვერსიით:
· 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია „აკორდს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთი საავტყომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე;
· ამ სამუშაოებს ზედამხედველობდა 4 საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი ევალებოდა გზების დეპარტამენტს;
· პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებასილი ექსპერტ-ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო გზების დეპარტამენტისთვის.
· ამის მიუხედავად, საქართველოში არმყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.
ლევან კუპატაშვილი ამ დროს იყო ირაკლი ქარსელაძის მოადგილე. ქარსელაძე მოგვიანებით, 2021 მინისტრად დაინიშნა და პოსტზე 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა.
კუპატაშვილი კუპატაშვილი 2025 წლის მაისიდან – როცა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი გადადგა – თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
ბრალდების თანახმადვე:
· „მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე“ კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არმყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოსდა გაწეული სამუშაოებისთვის ჩაერიცხა ანაზღაურება – ₾1 172 539;
· ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია – „შეუსრულებელი თუ ძალზედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა“, – „თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს“;
· შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი – საერთო ჯამში კი ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი




