„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელ ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
კრისტალ ჯგუფის“ დასახელების ქვეშ გაერთიანებული, „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“ და „ჰოტელს მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ვლადიმერ სტეფანიანი 8 ნოემბერს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების თანახმად, მან დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების უფლება ჰქონდათ მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს.
„უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის დადგენილია 1 მილიონ 894 925 ლარის ოდენობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. გამოძიება გრძელდება მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულში ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით“, — განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
დეველოპერული კომპანია „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი, „ქართული ოცნების“ შემწირველთა სიაშიც გვხვდება.
მან 2021 წელს, „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, 2018 წლის არჩევნებზე კი 60 000 ლარი.




