მარიამ ქვრივიშვილი – „იგლ ჰილს“-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა

„იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში წარსულში არსებობდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის საინვესტიციო, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები სახელმწიფოს მათ პირობებს კარნახობდნენ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი მათ რიცხვს არ განეკუთვნება და საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული.
„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ გაუცია განსხვავებული ან საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის, ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამასთანავე, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო თბილისსა და გონიოში მდებარე მიწების თანამესაკუთრეა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, „იმ სიკეთეების მიღმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია ინვესტიციის საპირწონედ, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს დივიდენდს და შემოსავალს ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ ეს ქართული პროექტია“.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ „სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill – ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს“.
„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის – $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორ პროექტი განხორციელდება.
„აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ს იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.