ალიევი განმარტავს, რატომ დააჩქარა საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წლით ადრე

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ სატელევიზიო მედიასთან საუბარში სამი მიზეზის შესახებ საუბრობს, თუ რატომ დანიშნა საპრეზიდენტო 2025 წლის აპრილის ნაცვლად 2024 წლის თებერვალს.
2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის თებერვალში დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა. იმაში, რომ მეხუთედ დაიკავებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს, ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა: არც მმართველ პარტიას, არც ტრადიციულ ოპოზიციას, არც სამოქალაქო საზოგადოებას და არც მოქალაქეებს. ერთადერთი ინტრიგა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რატომ დააჩქარეს მოვლენები და რა დგას რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილების მიღმა?
ალიევის თქმით, უპირველესი მიზეზი “აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა, 30- წლიანი ოკუპაციის დასასრულის დაგვირგვინება და ახალი ეპოქის დაწყებაა”, რომელიც ალიევის განმარტებით, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაგვირგვინდეს.
გარდა ამისა, მეორე მიზეზად მუნიციპალურ არჩევნებს ასახელებს, რომელიც 2025 წლის აპრილამდე უნდა გამართულიყო და წინ უსწრებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაბამისად, როგორც ალიევი ამბობს, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ოკუპაციის დასრულების შემდეგ არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულიყო და სწორედ საპრეზიდენტოა [და არა მუნიციპალური] ის არჩევნები, რომელიც მთელ ქვეყანაში გაიმართება.
მესამე და ნაკლებმნიშვნელოვან მიზეზად კი ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო პოსტზე მისი 20- წლიანი მმართველობის ეპოქის აღნიშვნას ასახელებს.