„ოცნების“ შემწირველი ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ისტორიულ სახლებს ანგრევენ. შპს „ეკოლაინი“ აქ ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიის წილების ასი პროცენტი შპს „ბათმშენს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელიც „ოცნების“ შემწირველი როინ დუმბაძეა. 2023-2025 წლებში როინ დუმბაძემ მმართველ პარტიას 118 000 ლარი შესწირა.
ახალი პროექტი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #38, 38ა,40, 42-ში მდებარე სივრცეს მოიცავს, ქუჩის ამ ნაწილს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა ძველი იერსახე, ორსართულიანი სახლებით და ღია აივნებით, რომლებსაც შიდა მხარეს საერთო ეზო ჰქონდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აქ 13 შენობა უნდა დაანგრიონ.
ჰაიდარ აბაშიძის #38-ში სახლების შემოღობვა დაიწყეს, შიდა ეზოში არსებული შენობების ნგრევა კი უკვე დაწყებულია.
ფოტო: „ბათუმელები“
ადგილზე გვითხრეს, რომ ეზოს ნაწილში ძირითადად ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლები კი დაძველდა და დაიბზარა:
„რა თქმა უნდა, მერჩივნა სახლი, მაგრამ დაძველდა, დაბზარულია უკვე. არ მქონდა შესაძლებლობა, რომ გამერემონტებინა, ინვესტორმა კარგი პირობები შემოგვთავაზა, კმაყოფილი ვარ“.
აქ ერთიანი სამშენებლო ფართობის მოსაწყობად შპს „ეკოლაინმა“ რამდენიმე საკადასტრო ერთეული გააერთიანა და მშენებლობისთვის 2738 კვ.მეტრი მიიღო. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით შპს „ეკოლაინი“ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. შენობის სიმაღლე 101.2 მეტრი იქნება, მშენებლობის ნებართვა 2024 წლის 26 ივლისით თარიღდება.
შეცვლის თუ არა ს ახალი მერი ქალაქის განაშენიანების პოლიტიკას, ჯერ არ ვიცით. ამ დროისთვის ქალაქს ჯერ ისევ არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა და არც კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებია დამტკიცებული.
ს მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დააანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება.
თუმცა როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, ეს საკითხი ახლაც ისევე გაურკვეველია, როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
batumelebi.netgazeti.ge