რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა მსხვილ მწარმოებელთა შემოსავლების კლებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ გამკაცრებულმა სანქციებმა განაპირობა. ამის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემა „მოსკოვ თაიმსი“ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, შემოსავლების ყოველთვიურმა კლებამ 322 მილიარდი რუბლი (3.4 მლრდ ევრო) შეადგინა, ვარდნის ტემპი კი მთელი წლის განმავლობაში სულ უფრო იზრდება: იანვარ-მაისში ის 14% იყო, ივლისში -18%, აგვისტოში – 20%, ხოლო ოქტომბერში, როგორც უკვე აღვნიშნეთ – 27%.
„ბლუმბერგის“ მიერ ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემლმა აღიარა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელი ზომები, რომლებიც „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ შეეხო, რუსეთის ბიუჯეტს სირთულეებს უქმნის. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ამ ორ კომპანიაზე რუსეთის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი, ანუ დღეში დაახლოებით 2.2 მილიონი ბარელი ნავთობი მოდის.
„სურგუტნეფტეგაზისა“ და „გაზპრომ ნეფტის“ ჩათვლით, რომლებსაც ასევე შეეხოთ შეზღუდვები, საზღვარგარეთ გატანილი ნავთობის დაახლოებით 70% აშშ-ის სანქციებს ექვემდებარება.
მოსკოვი, თავდაპირველად, 2025 წელს ნავთობიდან და გაზიდან 10.94 ტრილიონი პოლონური ზლოტის ოდენობის შემოსავლის მიღებას გეგმავდა, მაგრამ ნედლ ნავთობზე დაბალმა ფასებმა და სავალუტო ცვლილებებმა პროგნოზის გადახედვა აიძულა. ფინანსთა სამინისტრო ახლა უკვე თითქმის 22%-იან ვარდნას ვარაუდობს და მიიჩნევს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალ წელს ნავთობისა და გაზის სექტორებიდან 8.9 ტრილიონი რუბლის მიღებას გეგმავს, რაც, 2024 წელთან შედარებით, 20%-ით ნაკლებია. ამასთან, 2027 წელს დამატებით 19%-იანი, ხოლო 2028 წელს – 13%-იანი კლებაა ნავარაუდევი.
„მოსკოვ თაიმსის“ ინფორმაციით, წლევანდელი 5.7 ტრილიონი რუბლის დეფიციტის ფონზე, ხელისუფლება მომავალი წლიდან დღგ-ს 22%-მდე გაზრდას, მცირე ბიზნესისთვის გადასახადების მომატებას და 12 ტრილიონი რუბლის სესხებას აპირებს.
წყარო: 1 არხი




