ბრიტანულმა გამოცემამ Reporter London-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ამერიკული ნავთობკომპანია TXN Energy (ყოფილი “ფრონტერა”) ლობირებს აშშ-ში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებას.
როგორც ჟურნალისტი თომას როული წერს, კომპანია ამ პოზიციით “ფაქტობრივად იცავს ოცნების რეჟიმს, რომელიც დასავლურ ინსტიტუტებს ემიჯნება და რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს”.
სტატიაში მოყვანილია ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის კომენტარი, სადა ის აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე საუბრობს:
“ბატონ ნიკანდროსი რეალურად იცავს მათ, ვინც გაანადგურა საქართველოს დემოკრატია და შექმნა ისეთი ბიზნესგარემო, სადაც მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულებს შეუძლიათ წარმატება. ნიკანდროსის ლობირება ვაშინგტონში აშკარად ეხმარება ოცნების მთავრობას, რომელიც დღეს პრორუსულია და პრო-ჩინური. ასეთი რეჟიმის მხარდაჭერა არ შეიძლება ემთხვეოდეს ამერიკულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს”, – აცხადებ გიგაური.
სტატიაში ნათქვამია, რომ სტივ ნიკანდროსმა, რომელმაც საქართველოში ნავთობისა და გაზის ბიზნესით 1997 წლიდან არის დაკავებული, სექტემბერში რესპუბლიკელ კონგრესმენებს წერილით მიმართა და მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის დიპლომატიური აღიარების გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც Reporter London-ი წერს, წერილში ნიკანდროსი ამტკიცებდა, რომ მსგავსი ნაბიჯი “შეაფერხებს ამერიკულ ბიზნესს სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უფრო მიუახლოვებს საქართველოს ხელისუფლებას კრემლს”.
ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიარაბიშვილმა გამოცემას განუცხადა, რომ „ქართული ოცნება ახორციელებს აშკარა ავტორიტარულ მმართველობას“ და ნიკანდროსის არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს რუსეთი ისარგებლებდა ოცნებაზე ზეწოლით, “ზუსტად იგივე პროპაგანდისტული გზავნილია, რომელსაც თავად ოცნება ავრცელებს”.
Reporter London-ი წერს, რომ ნიკანდროსის წერილში ნახსენებია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განახლების გეგმაც — კერძოდ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლოა მიუთითებდეს კომპანიის დაბრუნებაზე, წლების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი დავების შემდეგ.
შეგახსენებთ, „ფრონტერა“ ამერიკული ნავთობ–გაზის კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან მუშაობდა საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში მდებარე საბადოებზე. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი გაუწყვიტა კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. “ფრონტერამ” დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გადაიტანა, თუმცა 2020 წელს სასამართლომ საქართველოს მხარე გაამართლა და დაადგინა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დამადასტურებელი მტკიცებულება ნავთობისა და გაზის რესურსების შესახებ. მას შემდეგ “ფრონტერამ” საქმიანობა პრაქტიკულად შეწყვიტა.




