„წელს იყო ყველაზე ცუდი ციტრუსის სეზონი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ცუდი კლიმატური პირობები და დეკემბრის მეორე ნახევარში ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტვა იყო.
საპირისპიროს აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. მისი თქმით, ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის რეალიზება შეძლეს, წელს ციტრუსის მოსავალი კარგი იყო და მანდარინს ფასიც მაღალი ჰქონდა.
მის შეფასებას რადიკალურად არ ეთანხმება „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი. ვაჟა მკურნალიძე ამბობს, რომ „ნოემბრის თვეში ვინც, ცუდი კლიმატური პირობების გამო, ციტრუსის დაკრეფა და რეალიზაცია ვერ მოასწრო, მათი მანდარინი გაფუჭდა, დალპა, მყიდველი არ ჰყავთ და ექსპორტის პროცესიც შეჩერებულია“.
„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი რას ამბობს არ ვიცი, თქვენ შეგიძლიათ სოფლებში გადაამოწმოთ. ფაქტი არის ასეთი: წელს იყო ყველაზე ცუდი ციტრუსის სეზონი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო მოსავლის აღება გვიან დაიწყო. ამას დაემატა ის, რომ ნოემბრის ბოლოს ბევრ სოფელში იყო სეტყვა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ციტრუსოვანთა ნაყოფი. გარდა ამისა, ცუდი კლიმატური პირობების გამო შეზღუდვები იყო ლარსის გამშვებ პუნქტზე. რის გამოც დეკემბრის პირველ დეკადაში პრაქტიკულად შეჩერდა ექსპორტის პროცესი, რადგან სხვა გზა რეალურად არ არის. საექსპორტო ციტრუსის ძირითადი მასა ლარსის გამშვები პუნქტით მიედინება სარეალიზაციოდ. ამან გამოიწვია ზუსტად ის, რომ საწყის ეტაპზე ნოემბრის 20-25 რიცხვის დიაპაზონში ლარი და 20 თეთრი იყო ფერმერიდან 1 კგ ციტრუსის შესასყიდი ფასი, ხოლო იმ პერიოდში, როცა აქტიური რეალიზაციის პერიოდია – დეკემბრის მეორე ნახევარში, პრაქტიკულად შეჩერებული იყო რეალიზაციის პროცესი და 60 თეთრი იყო მაქსიმალური გასაყიდი ფასი, დღემდე ეს ფასია და ამ ფასშიც ვერ ახერხებენ ფერმერები ციტრუსის რეალიზაციას. შეგიძლიათ სოფლებში გაიაროთ და ნებისმიერ ფერმერს ჰკითხოთ. ვინც ცუდი კლიმატური პირობების გამო ვერ მოასწრო ნოემბრის თვეში ციტრუსის რეალიზაცია (და ასეთი იყო 80-90%) რა მდგომარეობა აქვთ, ციტრუსის 1/3-ის გაყიდვასაც ვერ ახერხებენ. მათი ციტრუსი გაფუჭდა, დალპა, მყიდველი არ ჰყავთ, ექსპორტის პროცესი შეჩერებულია და ა.შ.“, – აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.
მისი თქმით, თავდაპირველად პროგნოზი არასწორად გაკეთდა და ოფიციალური მონაცემებზე ბევრად დიდია მოსავალი. შესაბამისად, ფერმერებს გაუსაღებელი ციტრუსი დარჩათ.
„ფაქტი ერთია – მშრალი ციფრებით არაფერი გამოვა. პროგნოზი არის არასწორად გაკეთებული. 55 000 ტონა ჰქონდათ პროგნოზირებული წლის მოსავალი. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ მოსავალი მინიმუმ 30 000 ტონით მეტია. როცა პროგნოზს თავიდანვე ნაკლებს იტყვი და მერე ამბობ, რომ 25 000 ტონა ექსპორტზე გავიდა, 10 000 ტონა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, 15 000 ტონა არასტანდარტული საკონსერვო საწარმომ გადაამუშავა გამოდის, რომ 55 000 ტონა ათვისებულია, მაგრამ გაიარეთ სოფლებში და ნახეთ – რა ულპება ფერმერებს სახლში?“, – ამბობს ვაჟა მკურნალიძე.
კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი გამოსავალს პლანტაციების ადრე მწიფებადი ჯიშებით განახლებაში ხედავს. რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ ციტრუსის მოსავლის აღება ოქტომბრიდან დაიწყონ და მეტი დრო ჰქონდეთ რეალიზაციისთვის.
„გამოსავალი არის იმაში, რომ უნდა მოხდეს ადრე მწიფებადი ჯიშებით პლანტაციების განახლება. მინიმუმ ოქტომბრის დასაწყისიდან უნდა დაიწყონ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის აღება, შესაბამისად რეალიზაციის პერიოდიც გახანგრძლივდება. არასრულ თვე ნახევარში – ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით) გვიწევს მოსავლის აღებაც და რეალიზაციაც. შესაბამისად – ამ დროს ხდება ჭარბი მიწოდება, საწყის ეტაპზე კარგია ფასი, შემდეგ გარე ფაქტორების გავლენით ფასი ჩამოდის მინიმალურ, კრიტიკულ ზღვრამდე. ეს არის ჭარბი მიწოდების გამო. ამიტომ უნდა გახანგრძლივდეს სეზონი. რატომაა თურქული მანდარინი დომინანტი? იმიტომ, რომ თითქმის მთელი წელიწადი აქვთ წარმოება. თურქულ მანდარინს და თურქულ პირობებს ჩვენ ვერ მივედრებით, იმიტომ რომ მათ კლიმატური პირობები აძლევს ამის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ მინიმუმ ის მაინც შეგვიძლია რომ სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის დასაწყისიდან დავიწყოთ მოსავლის აღება. ამას სჭირდება სწორი კომპლექსური მიდგომა. 1 წელიწადში ვერა, მაგრამ 5-6 წელიწადში შესაძლებელია ამის მიღწევა, რომ ეტაპობრივად მოხდეს ციტრუსოვანი ბაღების განახლება ადრე მწიფებადი ჯიშებით“, – აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.