დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ბუდაპეშტის მტკიცება, რომ უნგრეთს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე აშშ-ის სანქციებისგან გამონაკლისის უფლება განუსაზღვრელი ვადით მიენიჭა.
Reuters ცნობით, თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციებისაგან გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით კითხვები უნგრეთის დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ წარმოიშვა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, Facebook-ზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სრული წარმატებით დასრულდა.
„პრემიერ-მინისტრმა [ვიქტორ ორბანმა] ნათლად თქვა ეს. ის დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ჩვენ მივიღეთ სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით თავისუფლება. უნგრეთში ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე განუსაზღვრელი ვადით სანქციები არ არსებობს“, – დაწერა მან.
თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ეს მტკიცებები არაზუსტია და განმარტა, რომ გამონაკლისი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ასევე ავალდებულებს ბუდაპეშტს, დივერსიფიკაცია გაუკეთოს ენერგოიმპორტს, მათ შორის, დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას.
ორბანი ტრამპს ვაშინგტონში 7 ნოემბერს შეხვდა. ლიდერებმა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სანქციების პოლიტიკა განიხილეს. ორბანმა, რომელიც ხელისუფლებაში 15 წელზე მეტია იმყოფება და მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადება, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმება „უნგრეთის ეკონომიკას ენერგეტიკული კრიზისისგან დაიცავს“.
2022 წელს კრემლის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების შენარჩუნების შესახებ უნგრეთის პოზიციამ არაერთხელ გამოიწვია კრიტიკა მისი მოკავშირეების მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს უნგრეთის მიერ იმპორტირებული გაზის 74% და ნავთობის 86% რუსეთიდან მოდიოდა.
თუმცა, ტრამპთან შეხვედრამდე რამდენიმე სათითით ადრე უნგრეთის ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყდება, მას შეუძლია მისი ჩანაცვლება ხორვატიულ პორტთან დაკავშირებული მილსადენით. მანამდე ეს ნავთობგადამამუშავებელი კომპანია აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება გაუჭირდებოდა.




