3 იანვარს ესტონეთში დააკავეს ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის შუამდგომლობით იგი 2 თვის ვადით დააკავეს.
ესტონეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს მოროზოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალებს, რასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხსნის.
“ეს საქმე აქამდე არსებულ რამდენიმე ათეულ შემთხვევასთან ერთად აჩვენებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სურვილს, შეაღწიონ ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამეცნიერო დარგში”. – თქვა ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის გენერალურმა ხელმძღვანელმა, მარგოტ პალოსონმა.
ტარტუს უნივერსიტეტმა უკვე განაცხადა მოროზოვთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოროზოვი ტარტუს უნივერსიტეტში იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში პოლიტიკის მეცნიერებათა პროფესორად მუშაობდა.
ესტონური სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის ETIS-ის მიხედვით, ვიაჩესლავ მოროზოვი პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც იგი ტარტუში გადავიდა.
2016 წლიდან 2023 წლამდე ტარტუში იგი იკავებდა ევროკავშირისა და რუსეთმცოდნეობის პროფესორის თანამდებობას, ხოლო 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2024 წლის 11 იანვრამდე იგი საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად მუშაობდა.