ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მერიის წარმომადგენელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მერიის წარმომადგენელი დააკავეს – ინფორმაციას “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური” ავრცელებს.
საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის აღების ფაქტს.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ