ევროსასამართლომ დაკავებული აქტივისტის საქმეზე აზერბაიჯანს 1125 ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საზოგადოებრივი აქტივისტის, ემრახ თაჰმაზოვის, 2023 წელს ადმინისტრაციული წესით 30 დღით დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ მის საქმეში „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება“ დაირღვა.
თაჰმაზოვის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ თებერვალში იქნა მიღებული, თუმცა დოკუმენტი მას მხოლოდ 7 ნოემბერს გადაეცა.
აქტივისტი 2023 წლის მაისში წვრილ ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მისი განცხადებით, რეალური მიზეზი „Facebook“-ში გამოქვეყნებული ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტები იყო, რომელიც დაკავებული ოპოზიციონერი ელიზამინ სალაჩევის შიმშილობას უკავშირდებოდა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ადმინისტრაციული საქმე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ სამართლიანად არ განხილულა. აზერბაიჯანის მთავრობამაც აღიარა უფლებების დარღვევა, რის საფუძველზეც სასამართლომ საქმე დახურა.
გადაწყვეტილების მიხედვით, აზერბაიჯანის სახელმწიფოს თაჰმაზოვისთვის 1125 ევროს გადახდა მოუწევს – 900 ევრო ზიანისთვის და 225 ევრო იურიდიული ხარჯებისთვის.