საქართველოში დაბრუნებული გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, გულთბილი დახვედრისთვის.
„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული ბევრ კარგ ადამიანს საქართველოში და მეგობრებს, რომლებმაც მიმიღეს დაფასებითა და სოლიდარობით“, – წერს ელჩი ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე და თბილისში, გერმანიის საელჩოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“ქართული ოცნება” იმედოვნებდა, რომ პეტერ ფიშერს გერმანია საქართველოში აღარ დააბრუნებდა მას შემდეგ, რაც ის, ოქტომბერში, კონსულტაციებისთვის გამოიძახეს.
“30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს [ელჩის გაწვევა – რ.თ.] არის გადატვირთვის სიგნალი“, – განაცხადა 20 ოქტომბერს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ ელჩმა ფიშერმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არა „ხიდის“, არამედ „კედლის“ როლი აირჩია და ამიტომ – „როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ”.
ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.
პეტერ ფიშერი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს.
6 ნოემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე დაწერა, რომ გერმანიის ელჩი, კონსულტაციების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და გააგრძელებს “თავის ერთგულ საქმიანობას” გერმანიის საგარეო უწყების “სრული მხარდაჭერით“.
ოქტომბერში, ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებისას, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.
„[ელჩი] წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“ – აღნიშნავდა გერმანიის საგარეო უწყება 24 სექტემბერს, როდესაც პეტერ ფიშერი თბილისში, „ქართული ოცნების“ საგარეო უწყებაში დაიბარეს. „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ”, – ეწერა ამავე განცხადებაში.
2 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. „გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – დაწერა მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პლატფორმა X-ზე.
· 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
· გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ; თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლითაც, როგორც ბერლინი აცხადებს – საქართველოს ხალხს ეხმარება.
· გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.
ფორუმი




