ბადრი ჯაფარიძე – ითქვა, რომ შესაძლებელია გირაოს უძრავი ქონებით ჩანაცვლება, ჩვენ განვიხილავთ ამ ვერსიას

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო, უძრავი ქონებით ჩანაცვლდეს.
აღნიშნული განცხადება ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და კიდევ 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობდა.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითია.
„რაც შეეხება ბრალს, ხომ ხელის გულზე დევს – ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და ს წაგვიყენა.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც თავის თავს აჯობეს პროკურატურის წარმომადგენლებმა და, სამწუხაროდ, მოსამართლემ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუდასტურა მათ ის, რაც სჭირდებოდათ – გირაოს შეფარდება ასტრონომიული რიცხვით.
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ დღეს მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, არის სრულად დაქვემდებარებული, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი კანონის უზენაესობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქვეყანას უბრალოდ მომავალი ვერ ექნება იმიტომ, რომ შეუძლებელია, მართლმსაჯულება ასე იყოს დაკნინებული, პროკურორები და მოსამართლეები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულები და ასეთმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს.
საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ იციან, მოსამართლე დაუდასტურებს. არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტ-ნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გირაოს გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.