იაგო ხვიჩია: ეკლესიის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი ხელისუფლებაა, რომელიც ჯერ კრებსებს აგროვებს სასულიერო პირებზე, მერე მათ აშანტაჟებს

ეკლესიის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლია ხელისუფლება, რომელიც ჯერ კრებსებს აგროვებს სასულიერო პირებზე, მერე მათ აშანტაჟებს, მერე ამას აქვეყნებს და ასეთი ტიპის შანტაჟით ჯიბეში უზის სამღვდელოების დიდი ნაწილი,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიცია ეკლესიას ებრძვის.
ხვიჩიას თქმით, სტალინის და მატრონას ამბავზე ხელისუფლებას რეაქცია „ეცოტავა“ და ეს თემა კვლავ შემოაბრუნა.
„ჩემი აზრით, მთელი ეს ისტორია სტალინის და მატრონას შესახებ არის მოფიქრებული ხელისუფლების მხრიდან და რომ დაინახეს სათანადო რეაქცია მაინც არ მოჰყვა და ეცოტავათ რეაქცია, ისევ შემოაბრუნეს და თვითონ გახდნენ მატრონას ჭირისუფლები. მთელ ქვეყანას ანერვიულებენ და საკუთარ მოქალაქეებს რეპრესიებით ემუქრებიან იმის გამო, რომ მატრონას და სტალინის სიწმინდე არ შელახონ. როგორ შეიძლება აქ გარდა ხელისუფლების პრობლემისა, მორწმუნეთა პრობლემა დაინახო. მგონია, რომ საერთოდ არავის ემახსოვრებოდა ეს ამბავი, არაფერი ამის შესახებ არ გვეცოდინებოდა, ხელისუფლებას რომ არ დაეგეგმა ეს კამპანია სტალინის და მატრონას შესახებ. ეკლესიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას როგორ არ ვხედავ, ოღონდ მთავარი მებრძოლია ხელისუფლება, რომელიც ჯერ კრებსებს აგროვებს სასულიერო პირებზე, მერე მათ აშანტაჟებს, მერე ამას აქვეყნებს და ასეთი ტიპის შანტაჟით ჯიბეში უზის სამღვდელოების დიდი ნაწილი. ამაზე დიდი ზეწოლა ეკლესიაზე რა უნდა იყოს?! ვიღაცამ რომ მატრონას ხატს რაღაც შეასხა, ბევრად ნაკლები ბრძოლაა და არ გამოვრიცხავ, ესეც ხელისუფლებასთან ყოფილიყო შეთანხმებული“,- განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩია ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრების ვიზიტს ჩინეთში და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ჩინური კომუნისტური პარტიის გამოცდილების გასაზიარებლად იყვნენ წასულები, რადგან „როგორც კომუნისტები, ისე „ქოცები“ უმაღლეს მმართველობით ორგანოდ პარტიას მიიჩნევენ“.
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიასაც გენერალური მდივანი მართავს, მოგეხსენებათ და შეიძლება რაიმე ახალი ცოდნის გადმოღება უნდათ ჩინური კომუნისტური პარტიის მმართველობიდან, რადგან როგორც კომუნისტები, ისე „ქოცები” უმაღლეს მმართველობით ორგანოდ პარტიას მიიჩნევენ და უმაღლესი მმართველი თანამდებობის პირი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც პრემიერ-მინისტრსაც კი ნიშნავს. დანარჩენ სხვა ნორმალურ ქვეყნებში, პარტიის თავმჯდომარეს თავის ადგილი აქვს და ქვეყნის მთავარი პირი არის პრემიერ-მინისტრი. ვინაიდან ჩვენ განსხვავებულო პრაქტიკით მივდივართ, ჩინური მაგალითის გადმოსაღებად რომ იყოს წასული „ქართული ოცნების“ დელეგაცია არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ