მანჩო გიორგობიანს პატიმრობა შეუფარდეს — რა ხდებოდა პროცესზე

ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებაში ბრალდებულ „ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს, 54 წლის მანანა (მანჩო) გიორგობიანს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების მიხედვით, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, მანჩო გიორგობიანმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტის ორ თანამშრომელს, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს. ამის შემდეგ დაუკავშირდა თავის ნაცნობს, მამუკა ჩარკვიანის შვილს, ჯაკო ჩარკვიანს, რომელიც მისი გარდაცვლილი შვილის მეგობარია. ჩარკვიანი ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალადობრივად გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგობიანი 4 ნოემბერს დააკავეს. დაკავებულები არიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებიც, ჩარკვიანის ჩათვლით, თუმცა მათი საქმე გიორგობიანისგან განცალკევებულად განიხილება და სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
პროკურატურა არც იმას გამორიცხავს, რომ გაჩნდეს დამამძიმებელი გარემოება — ძალადობა ეთნიკური ნიშნითაც.
სხდომა დაგვიანებით იწყება და დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება. დარბაზში დამსწრეთათვის განკუთვნილ ადგილებზე მხოლოდ ჟურნალისტები ვსხედვართ.
„გაუმარჯოს ყველას, პატივცემულ სასამართლოს“, — ამბობს გიორგობიანი დარბაზში შემოსვლისას ხმამაღლა. დამსწრეებს თვალს გვავლებს, ნაცნობ სახეებს ვერ ხედავს და აპროტესტებს, — „მარტო რატომ ვარ, ბიჭები რატომ არ არიან?! ჩემთან ერთად უნდა იყვნენ! დახურული რატომაა სხდომა? ჩემი ნაცნობები რატომ არ არიან? შემოვიდეს ყველა! გადაეცით ჩემს სიძეს, შემოვიდეს.“
მოსამართლე გიორგობიანს უხსნის, რომ სხდომა დახურული არ არის და ყველა დარბაზშია, ვისაც დასწრება უნდოდა. განუმარტავს მის უფლებებს, ბრალდებას აცნობს, ეკითხება აცილება ხომ არ სურს, ან მოსამართლის, ან პროკურორის, ან თუნდაც ადვოკატის.
მანჩო გიორგობიანს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, ლევან მარსაგიშვილი. სხდომის შემდეგ გვეუბნება, რომ ეს თავად მანჩო გიორგობიანის არჩევანი არ ყოფილა და საზოგადოებრივი ადვოკატი მას სავალდებულო დაცვის პრინციპის ფარგლებში დაენიშნა.
პროკურატურისგან ვიცით, რომ უწყებამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა.
დაწვრილებით პასუხებს აძლევს მანჩო გიორგობიანი მოსამართლეს, მათ შორის, საცხოვრებელთან დაკავშირებით: „დედაჩემის სახლია და მიყვარს, თორემ ისე 5 სახლი მაქვს. ბიზნესმენი ვარ, ბიძინაზე მდიდარი! ჩემი შვილი რაც მოკვდა, 10 წელი ვიწექი ლოგინში, ახლა ავდექი და ციხის შემეშინდება? არაფერს უარვყოფ. არც პრეტენზია მაქვს, გადასარევად მექცეოდა ჩემი პოლიცია.“
პროკურორი გიორგი დოლაკიძე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით. ასაბუთებს ამას იმით, რომ მაღალია მანჩო გიორგობიანის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. „შესაძლოა მივიღოთ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებები მანანა გიორგობიანის მხრიდან, არსებობს შურისძიების საფრთხე დაზარალებულებზე, მითუმეტეს, რომ ისინი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მუშაობენ ისევ“, — განმარტავს პროკურორი.
ადვოკატი 5000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ითხოვს გიორგობიანის გამოშვებას. მანჩო გიორგობიანმა სხდომაზე უარყო შერაცხადობასთან დაკავშირებული პროკურატურის ეჭვები.
მოსამართლე ადგილზე თათბირით გადაწყვეტილებას აცხადებს — მანჩო გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებს და წინასასამართლო სხდომას 24 დეკემბერს 11 საათზე ნიშნავს.
„გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან. მამუკა მდინარაძიანად. „ოცნებას“ ეგენი აყირავებენ“, — გვესმის დარბაზიდან გამოსვლისას მანჩო გიორგობიანის სიტყვები, როცა ის ბადრაგს სხვა გასასვლელიდან გაჰყავს.
მანჩო გიორგობიანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2013 წელს რესტორან “ლა ტრუფეში” მომხდარი ინციდენტიდან, როდესაც მას თანმხლებ პირებთან ერთად ჩხუბი მოუვიდა სთან და ენმ-ის მაშინდელ სხვა ლიდერებთან. ამის შემდეგ გიორგობიანი წლების განმავლობაში პოზიციონირებადა “ქართული ოცნების” მხარდამჭერად. დაკავებამდე ერთი დღით ადრე გიორგობიანი ჯერ დაემუქრა “ოცნების” შს მინისტრ გეკა გელაძეს, ხოლო შემდეგ პოსტი წაშალა.