დამტვრეული ბორდიურები, საჭიროზე დაბალი ასფალტის საფარი – რა წერია მუნიციპალური ინსპექციის დასკვნაში

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულებები გაწყვიტა. პროექტის ორ ლოტს კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ 22 მილიონ ლარად აშენებდა, ერთ ლოტს კი კომპანია „ერ ტე დე“ 9 მილიონ ლარად. მერიის თქმით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.
გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 17.7 მილიონი ლარია.
ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ, არის შეუსაბამო სიმაღლის საფარი, რომელიც ჭების სიმაღლესთან აცდენაშია, დაუტკეპნავია ასფალტის საფარი, დამტვრეულია ბორდიურები და სხვა.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. გამარტივებული შესყიდვაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა კონტრაქტორმა პროექტი 31 იანვრის ბოლომდე უნდა დაასრულოს.