ოქსფორდის ინტერ რელიგიური ფორუმის ორგანიზებით, 6 ნოემბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის All Souls-ის კოლეჯში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „რუსთველის საჩუქარი კაცობრიობას: „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ენებზე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება მიეძღვნა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციის 65-ე წლისთავს.
„აღნიშნული ექსპედიცია 1960 წელს შედგა პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის თაოსნობით. ქართველმა მეცნიერებმა – აკაკი შანიძემ, ირაკლი აბაშიძემ და გიორგი წერეთელმა – პალესტინის ჯვრის მონასტერში, მანამდე არსებულ აღწერილობათა მიხედვით, მიაკვლიეს შოთა რუსთაველის ფრესკას და აღადგინეს იგი.
აღნიშნული მოვლენის გაშუქების მიზნით, ოქსფორდის ინტერ-რელიგიური ფორუმის დირექტორმა დოქტ. თეა გომელაურმა და ინტერ-რელიგიური ფორუმის მკვლევარმა ბატონ მუჰამედ ჰამიმ ბინ-შეიხ ალაუდინმა გადაწყვიტეს მრავალენოვანი კონფერენციის ორგანიზება. რუსთაველის ფრესკის აღდგენასთან დაკავშირებული დღემდე ნაკლებად ცნობილი დეტალები განხილულია დოქტორ თეა გომელაურის წიგნში “ლაილაშის კოდექსი: ქართველ ებრაელთა გვირგვინი”, რომელიც გამოქვეყნდა ოქსფორდში 2023 წლის ბოლოს.
კონფერენციას საქართველოდან მხარდაჭერა აღმოუჩინა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსმა, შორენა ოსიპოვამ; იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა; ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა; ს, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ; ბატონმა გურამ ახალაიამ და სხვ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს „ვეფხისტყაოსნის“ 12 სხვადასხვა ევროპულ და აღმოსავლურ ენებზე შესრულებული თარგმანების შედარებითი ანალიზი. მათ იმსჯელეს არსებულ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლინგვისტიკურ თავისებურებებზე, და წაიკითხეს ნაწყვეტები კონფერენციაზე წარმოდგენილ 12 ენაზე.
კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის საჯარო ორატორი, დოქტ. ჯონათან კაცი.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბოდლეს ბიბლიოთეკის დირექტორმა, რიჩარდ ოვენდენმა; თეა გომელაურმა, რომელმაც შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დიდი პატივია, რუსთაველის მიერ ნაქადაგები მეგობრობის, ერთგულებისა და თავისუფლების იდეები ოქსფორდის მრავალენოვან საზოგადოებას წარვუდგინო, სადაც პირველად ისტორიაში მკვლევრები შუა საუკუნეების დიდი პოეტის უკვდავ სიტყვებს წაიკითხავენ პოემის გმირების ენებზე”, – აღნიშნა გომელაურმა.
ვეფხისტყაოსნის სპარსულ თარგმანზე ისაუბრა All Souls-ის კოლეჯის და ინტერ-რელიგიური ფორუმის წევრმა მუჰამედ ჰამიმ ბინ-შეიხ ალაუდინმა.
კონფერენციის მონაწილეებს საპატიო სტუმრის რანგში მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, თსუ-ის პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთველის ფრესკის აღმოჩენისა და აღდგენის ეროვნულ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე.
ღონისძიება ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერ პროფესორ ალექსანდრ ბეტსის მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციის პარალელურად მოეწყო გამოფენა. დამთვალიერებლებს, სხვა ექსპონატებთან ერთად, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ 287 ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მიერ ხელით გადაწერილ „ვეფხისტყაოსანს“, რომელიც გურამ ახალაიას თაოსნობით შეიქმნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.




