წერილში ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ 5 თვით ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად ევროკავშირმა მიიღო“.
მისი თქმით, საინტერესოა, გააპროტესტებენ თუ არა რუსთაველზე მდგომი აქციის მონაწილეები ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდიან თუ არა ბოდიშს იმის გამო, რომ „სრულებით უსამართლოდ ადანაშაულებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში“.
„სკანდალური წერილია, სადაც ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ 5 თვით ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ამ წერილის მიხედვით, მაინტერესებს, გააპროტესტებს თუ არა რუსთაველზე მდგომი რამდენიმე ათეული ადამიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდის თუ არა ბოდიშს იმის გამო, რომ სრულებით უსამართლოდ ადანაშაულებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩის წერილში საუბარია იმ პროგრამის შეჩერებაზე, ვგულისხმობ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელშიც საქართველო განსაკუთრებით წარმატებული მოკავშირე იყო ევროკავშირის თუ დასავლელი პარტნიორების. როცა ამგვარი პროგრამის შეჩერებაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, იქ მიზნებიც უკვე ნათელია. დაველოდებით მომენტს, როდესაც ევროკავშირის რეალური მიზანი გახდება გაფართოება და არა ამ გაფართოების იდეით სხვადასხვა ქვეყნის მიმართ კონკრეტული შანტაჟი. ამ შანტაჟზე იყო საუბარი ირაკლი კობახიძის ნოემბრის განცხადებაში, სადაც ჩვენ არცერთი, თუნდაც ყველაზე ღირებული იდეით არ მივცემთ საშუალებას, რომ დაგვაშანტაჟონ და მიგვაღებინონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ხელისუფლების ცვლილება, მათი დასმული მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა თუ ყველაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებაა, რაც საომარ პროცესებში ჩართვა იყო“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“.
მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.




