უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღიარა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს თანამოსაუბრისთვის დარტყმა უნდოდა.
კულებამ ამის შესახებ ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტ რომან ბებეხისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ბებეხის არხზეა გამოქვეყნებული YouTube-ში.
„ყველაზე რთულია ის მოლაპარაკებები, სადაც გინდა ადგე და თანამოსაუბრეს სახეში გაუქანო, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემ საკუთარ თავს. ასეთი შემთხვევები ორჯერ-სამჯერ მქონდა“, – თქვა კულებამ ინტერვიუში.
მან დააზუსტა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა ლავროვთან შეხვედრაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით მიმდინარეობდა.
როგორც Reuters-ი აზუსტებს, მაშინ კულება იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის შესაძლებლობას. შეხვედრა რაიმე შეთანხმების გარეშე დასრულდა და აღარ განმეორებულა.
ინტერვიუში კულებას სიტყვების საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაზეთ „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა: „ვითომ მინისტრებად შეარჩიეს გაუნათლებელი აგრესიული ადამიანები, რათა ამერიკული ფულით დაანგრიონ უკრაინა“.