უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ეხმაურება მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე „უკრაინის უარყოფით დამოკიდებულებასა“ და ამ პერსპექტივისადმი „უკრაინის წინააღმდებობაზე“.
„ქართულ მხარეს არ უნდა სწყინდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში“, – აცხადებს ანდრიი სიბიჰა.
„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: ადრე თუ გვიან თავიანთი ევროპული მისწრაფებების რეალიზებას — მიუხედავად მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკისა“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პლატფორმა X-ზე.
„საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, – დასძენს იგი.
წინა დღეს, 5 ნოემბერს ჩინეთში ვიზიტად მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმულ „ხელის შემშლელ ნაბიჯებზე“.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხად მან.
„ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, ვიდრე ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არაერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რამე დათქმები საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა მან.
4 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი – და მნიშვნელოვანი რეგრესი – აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, – თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება… ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, – თქვა მან.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ დღევანდელ ევროკავშირში ქვეყნებს „სუვერენიტეტის პრობლემა აქვთ“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება“, – განაცხადა მან.
ფორუმი




