გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნება“ გადავიდა ახალ ფაზაზე, რომლის მიზანია, დაატყვეონ პოლიტიკა

მსგავსი მოწოდება „ლელოს“ არცერთი ლიდერის პირით არასდროს არ გაჟღერებულა. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით გვქონდა ნათქვამი, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გუნდი ვემხრობით ძალაუფლების მშვიდობიან ტრანზიციას, მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას და არაფერი სხვა ჩვენთვის მისაღები არ არის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ, „საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების“ საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
გეგელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ახალ ფაზაზე გადავიდა, რომლის მიზანიც პოლიტიკის დატყვევებაა.
„ძალიან სასაცილოა და კრახისთვის განწირული ეს არაორგანული, არაავთენტური, ყალბი მცდელობა, რომ ჩვენ მოგვაკერონ ისეთი რაღაცები, რაც მხოლოდ მათ ავადმყოფურ ფანტაზიაში არსებობს. არაფერი მსგავსი არასდროს არ ყოფილა და მეტიც, ჩვენ რიგებში გვყავს ისეთი ლიდერები მათ შორის, როგორიცაა, ბადრი ჯაფარიძე, ვისაც თავის თავზე აქვს გამოცდილი სახელმწიფო გადატრიალება. ჯერ კიდევ „პილიონკებში“ იწვა, პარლამენტში მყოფ ბადრი ჯაფარიძეს ყუმბარებს რომ ესროდნენ, სწორედ სახელმწიფო გადატრიალების დროს. ბადრი ჯაფარიძეს რომ ეტყვი, შენ მამხობდიო, კაცს, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი და ეუბნები, რომ თურმე ის „მოლოტოვის კოქტეილს“ ამზადებდა, არსებობს ნორმალური ქართველი, რომელსაც ამაზე არ გაეცინება? ან ბადრი ჯაფარიძეს, ან ს ასეთ ცილს რომ დასწამებ, ამ ქვეყანაში მასობრივად ადამიანებს არ უნდა გაუჩნდეთ კითხვა, რომ რაღაც ძალიან არასწორია?
ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა, ეს არის რუსული პროექტის ნაწილი, რომ აკრძალონ ყველაფერი პროევროპული და ეროვნული, აკრძალონ პარტიები, აკრძალონ პოლიტიკური ცხოვრება. მათ რეპრესიების მეშვეობით ვერ შეძლეს პოლიტიკური ცხოვრების ჩახშობა და ახლა გადავიდნენ ახალ ფაზაზე, რომლის მიზანიც არის ახლა ის, რომ პოლიტიკა დაატყვეონ“, – განაცხადა გეგელიამ.