ანა ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე – თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – დადებითი თუ უარყოფითი

შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და საზოგადოებას, მათ შორის, ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში – თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – დადებითი თუ უარყოფითი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ პაპუაშვილისთვის სტალინთან ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, მისი საქმე კარგად ყოფილა“.
ნაცვლიშვილის თქმით, საკითხი ვერ ჩაიკეტება იმ ჩარჩოში, სადაც ჩაკეტვას „ქართული ოცნება“ ცდილობს.
„ამ დრომდე არ მომისმენია ს შეფასება სტალინთან დაკავშირებით. ამ დღეების განმავლობაში ძალიან სერიოზული დისკუსია გაიხსნა და ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახე ვალდებულია საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს იოსებ სტალინთან და სტალინის როლთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხს ვერ გაექცევიან. გავიდა რამდენიმე დღე და ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები სტალინისთვის ხოტბის შესხმით დაკავდნენ. მივმართავ შალვა პაპუაშვილს, თქვას, რას ფიქრობს, სტალინის როლზე საქართველოს სახელმწიფოს და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.