საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი სოციალური ქსელისა და ვიდეო მიმართვების მეშვეობით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მხარდამჭერებს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებდა.
სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტი ნამდვილად პოლიტიკური პატიმარია, ახალი ბრალდებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ბატონ პრეზიდენტს დღეს ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურამ წაუყენა ბრალი მის პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთებული არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ე.წ. სასამართლო პროცესის დროს მისი ჩართვისას. ეს არის მისი ფუნდამენტური უფლების დარღვევა ამ პირობებშიც კი, როდესაც სრულიად პოლიტიკურია მისი მართლმსაჯულება და მის გარშემო ყველა საკითხი.
ბრალი ეხება ნამდვილად მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ივანიშვილის ზვიგენთან დაკავშირებით.
თუ კი ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრობა, ახლა ეს დადასტურდა ამ ბრალის წარდგენით.
ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ, რამდენიც საქართველოს დასჭირდება, იმ ძალიან ბევრ საღად მოაზროვნე ადამიანთან ერთად, რომელთა შეშინებასაც რუსული მმართველობა და ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურა ცდილობს.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, სანქციებიც იქნება, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ამას მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.




