გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, ა, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია

ეს შეფასება კატასტროფულია მაშინ, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო „ასოცირებულ ტრიოში“ ლიდერი და მისაბაძი იყო სხვა ასოცირებული და კანდიდატი ქვეყნებისთვის. ამ ფონზე კი „ქართული ოცნება“ იაფფასიან და ბინძურ პროპაგანდას მიმართავს და ყველაფერში ევროკავშირს ადანაშაულებს,- ასე აფასებს პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი, გიგა ფარულავა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ევროკავშირთან მიმართებაში, „ქართულ ოცნებას“ თავი მსხვერპლის როლში გამოჰყავს.
„საქართველოში დღევანდელი პოლიტიკური სივრციდან გამომდინარე, საზოგადოებას სხვა მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. ეს დასკვნა საქართველოს მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან საქართველომ კანდიდატი ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო. ეს კი ძალადობრივი, არადემოკრატიული ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგია. ეს შეფასება კატასტროფულია მაშინ, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო „ასოცირებულ ტრიოში“ ლიდერი და მისაბაძი იყო სხვა ასოცირებული და კანდიდატი ქვეყნებისთვის. ამ ფონზე კი „ქართული ოცნება“ იაფფასიან და ბინძურ პროპაგანდას მიმართავს და ყველაფერში ევროკავშირს ადანაშაულებს და საკუთარი თავი მსხვერპლი გამოჰყავს. ერთადერთი, ვინც მათ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, ეს ს ფედერაციაა. ეს კი ის რეალობაა, რომელშიც „ქართული ოცნება“ გვაცხოვრებს, რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და არ აინტერესებს საქართველოში ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის განმტკიცება, რადგან ეს მათთვის საფრთხეს წარმოადგენს, ფიქრობენ, რომ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას.
წლებია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის პროგნოზირება შეუძლებელია. ქვეყანაში შექმნილი ვითარება, როდესაც მკვეთრად გადავუხვიეთ ევროინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების გზას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას აწყობს. არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს პოლიტიკურ კურსს და დაბრუნდება იმ გზაზე, რომელზეც წლების წინ ვიყავით.
ანგარიშთან დაკავშირებით, ერთია ამას როგორ აფასებს „ქართული ოცნება“, მაგრამ მეორეა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქვეყანაშია – დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ურტყამს გამოხატვის თავისუფლებას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პრინციპები ვერ მოდის ევროპულ ღირებულებებთან. ისინი საზოგადოებას პროპაგანდით აჯერებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე არიან. მაშინ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და გავაკეთეთ განაცხადი კანდიდატობაზე, პასუხისმგებლობას ვიღებდით იმ სტანდარტებისა და ღირებულებების განმტკიცებაზე, რომელიც ევროკავშირს აქვს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ მივყვეთ ევროინტეგრაციის გზასა და იმ პრობლემებს, რომელიც ამ გზაზე არსებობს და სხვა ქვეყნების მოცემულობას არ უნდა შევხედოთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, დეპუტატმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოველდღიურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტი ისეთი მძლავრი არ არის, რომ რაიმე შედეგი გამოიღოს.
„გაცილებით მძიმე სიტუაციაში ვართ, ვიდრე 1 წლის წინ ვიყავით, ამაზე პასუხისმგებლები კი „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. ქართულ პოლიტიკაში ისტერიის გვირგვინი 4 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული პროვოკაციული რევოლუცია იყო, რამაც საბოლოოდ პოლიტიკური პროცესი გაანადგურა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო პროტესტიც. შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ამ პროტესტს, ვიდრე დღეს, ეს კი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და პარტიებმა განაპირობეს, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ბოიკოტისა და რევოლუციის პროპაგანდა აწარმოეს. საზოგადოება დაარწმუნეს, რომ მშვიდობიანი დამხობით ხელისუფლების შეცვლას შეძლებდნენ. დღეს, „ქართული ოცნება“ გაძლიერებულია და 4 ოქტომბრის რევოლუციის ფაქტორით ევროკავშირის განცხადებებს უპირისპირდებიან. პირები, რომლებიც თავს იწონებდნენ ამ აქციის ორგანიზატორობით, შემდეგ საერთოდ გაქრნენ და პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ. როდესაც საზოგადოება ხედავს ალტერნატივის სახით მსგავს პოლიტიკას და პოლიტიკოსებს, მათ ურჩევნიათ, ან მშვიდად იყვნენ, ან „ქართული ოცნება“ აირჩიონ, მაგრამ, საზოგადოებაც ვეღარ ხედავს, ქუჩაში ამ პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობას. დღეს კი პრაქტიკულად ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს, საზოგადოება თუ იქნება ორგანიზებული მშვიდობიანი პროტესტის გარშემო, ეს უნდა მოხდეს იმ შეცდომების გააზრებისა და გაანალიზებით, რომელიც წარსულში მოხდა. ნებისმიერი გამოყენებული უნდა იყოს პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმად და ერთიანი ფრონტით დასაპირისპირებლად“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება იმ კრიტიკულ შეფასებებს, რომელსაც პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან იღებს, გიგა ფარულავა მიიჩნევს, რომ „ეს „ნაცური“ ნარატივია.
„ეს „ნაცური“ ნარატივია. ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთის გაძლიერებით პოლიტიკური პროცესი დააზიანეს, ტექნიკურ ოპოზიციას გვეძახიან. ვერცერთ მაგალითს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენ სახელმწიფო ინტერესები დავაზიანეთ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა? – მათ თვითმმართველობის ს დისკრედიტაციითა და აბსურდული რევოლუციური სცენარებით თავად დააზიანეს სახელმწიფო ინტერესი და ამან გამოიწვია ის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გაძლიერებული ვერტიკალი გვყავს. აქ კი ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორი იყო გვარამიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც 4 ოქტომბრამდე ტელევიზიებში კეკლუცობდნენ და თავს იწონებდნენ, რევოლუციური სცენარებით და საღამოს ზოგი ამ პროცესებს სახლში შეხვდა და ზოგი გაქცეული იყო და დღემდე არ ჩანს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის „დროშების რევოლუციის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა საუბრობდნენ და იმ პირებმა, რომლებიც „გარეთ არიან და საზოგადოებას არწმუნებდნენ პროვოკაციული სცენარით ხელისუფლების შეცვლაში“, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
„მომიტინგეები ამ დღის პროვოკაციის მსხვერპლები არიან. ასევე, ის პირები, რომლებიც არიან დაპატიმრებულები [„დროშების რევოლუციის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები], ასევე ის ადამიანები, რომლებიც გარეთ არიან და საზოგადოებას არწმუნებდნენ პროვოკაციული სცენარით ხელისუფლების შეცვლაში და შემდეგ სხვა ნარატივით გამოდიოდნენ ტელევიზიებში, ისინიც უნდა საუბრობდნენ. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, მაგრამ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება. „ოცნებამ“ ეს პროცესები თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენა. არავის დაჭერას არ ვითხოვ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.