წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იცავენ USAID-ის თანამშრომლებს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორუფციონერებს უწოდებს – ასევე, მათ წყაროდ მოყვანილი აქვთ „რადიო თავისუფლება“, რომელსაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პროპაგანდის მანქანას უწოდებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ამერიკელი კონგრესმენების მიერ მარკო რუბიოსადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ მართული პირები ხან წყაროდ არიან გამოყენებული, ხან სიცრუის გამავრცელებლად.
გორდულაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს, თამარ ტალიაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა სხვადასხვა საკითხების განსახილველად ჰქონდა, მაგრამ „აბსოლუტურად ტყუილია, რომ იგი დაიბარეს, ან რაიმე პრეტენზიები გამოთქვეს რომელიმე განცხადებასთან დაკავშირებით“.
„წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იცავენ USAID-ის თანამშრომლებს, იმ USAID-ის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს კორუფციონერებს და მათ შორის, იმ ადამიანებს, როლებიც იბრძვიან ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმ ქვეყნებში, სადაც არიან წარგზავნილები. ძალიან საინტერესოა, რა აქვთ წყაროდ მოყვანილი. წყაროდ მოყვანილი აქვთ ადგილობრივი ე.წ. მედია, მათ შორის, ისევ „რადიო თავისუფლება”, რომელსაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პროპაგანდის მანქანას უწოდებს. ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის” მართული სხვადასხვა პირები ხან წყაროდ არიან გამოყენებული, ხან სიცრუის გამავრცელებლად და ამავდროულად, საერთო ჯამში, ერთიანად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მებრძოლები არიან. ახლა მიმართავენ იმ ადმინისტრაციას, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ იბრძოლოს „დიფ სთეითის” წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია რომ როგორმე, „ნაცმოძრაობას” და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს და ტელევიზიებს მისცენ საშუალება, რომ შექმნან ერთი სიუჟეტი მაინც და იბრძოლონ ისევ და ისევ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პრესრელიზშია აღნიშნული.
წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ მდივან რუბიოს, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ან მიზანში ამოღების მსხვერპლნი. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად უპასუხოს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ სიცრუეს, რამაც აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო“.




