სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, „დასკვნები, რომელიც გაკეთებულია ევროკომისიის ანგარიშში, სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს“.
„სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს და ასე გრძელდება. არასდროს არ ყოფილა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა. ის, რაშიც ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ასეთივე პოლიტიკა აქვს ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, უფრო მეტიც, ნატოს წევრ სახელმწიფოებს. არავის არ სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა და დამატებითი უსაფრთხოების გამოწვევების შექმნა. ეს ძალიან ბუნებრივია. ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, ქვეყანას აარიდოს საფრთხეები. ეს არის ჩვენი ვალდებულება და თუკი ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა ეს დასაგმობი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მისასალმებელი”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ვერ ექნება რაიმე დათქმები.
“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, სანამ ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არა ერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რაიმე დათქმები საქართველოსთან მიმართებაში”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებზეც, როგორც მან აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადებები სრულიად თანხვედრაში კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებთან.
“ბატონი ელჩი ვერ გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც აცდენილი იქნება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებთან. სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ჩვენ ვნახეთ ერთადერთი განცხადება, რომელიც მიზანმიმართულად ამახინჯებდა იმ ფაქტებს, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა საქართველოში, საქართველოსთან მიმართებაში მიზანმიმართულად ქმნის მცდარ აღქმებს და მცდარ დასკვნებს აკეთებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ ელჩი გააკეთებს რაიმე განსხვავებულ განცხადებას, ნაკლებად უნდა გვქონდეს. ის არის სრულიად თანხვედრაში კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებთან”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




