თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ჯაკო ჩარკვიანი, რომელიც სუპერმარკეტის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთია, პოლიციას ჩაბარდა

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. ჩარკვიანის განცხადებით, მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას.
ასევე, ჩარკვიანმა ისაუბრა მომხდარზეც და განაცხადა, რომ, მაშინ, როდესაც მის ძმისშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა, ჯაკო ჩარკვიანი და მისი რამდენიმე მეგობარი სუფრასთან ისხდნენ.
როგორც ჩარკვიანი ამბობს, ჯაკო და მისი მეგობრები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათ გარდაცვლილი მეგობრის დედას დახმარების თხოვნაზე უარო ვერ უთხრეს.
ამასთან, ჩარკვიანი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს, რადგან როგორც ჩარკვიანი აცხადებს არ იყო „სწორი ახალგაზრდა ბიჭებისთვის დარეკვა“, როდესაც გიორგობიანს შეეძლო თავისი ნათესავებისთვის დაერეკა.
გარდა ამისა, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მანანა გიორგობიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ინფორმაციისთვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.
-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.