გიორგი კირთაძის ადვოკატი – საქმის მასალა მთლიანად ლეგენდირებულია, უბრალოდ ძალიან დიდ ომში ვართ – მიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავისთან შემხებლობა არ აქვს, მათ შორის არც „კვერცხასთან“

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული გიორგი კირთაძის ადვოკატი თამარ აბესაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან ჯანგველაძის ანგარებით შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის მიმართ ციხეში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან საუბრებში ფიგურირებს.
ის მსჯავრდებულ ლევან მოისწრაფიშვილის, იგივე „კვერცხას“ ბიძაშვილია. ჩანაწერის მიხედვით სწორედ „კვერცხას“ დაუკავშირდა ე.წ. „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში, იგივე „ენცო“და გიორგი მიქაძის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების განხორციელება დაავალა.
თამარ აბესაძის თქმით, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ქმედებები ს არ განუხორციელებია.
„ბრალდების მხარე რასაც ედავება გიორგი კირთაძეს, ყოვლად დაუსაბუთებელია, აბსოლუტურად ლეგენდირებულია მთლიანად საქმის მასალა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან 223-ე სამი პრიმა მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ბრალდების შესახებ დადგენილებას. თავს დამნაშავედ არ ცნობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. როდესაც გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას, მოყვანილი ფაქტები და გარემოებები საერთოდ არ იყო მისთვის იმ ჭეშმარიტების აღმქმელი, რაც ეწერა ამ ბრალდების შესახებ დადგენილებაში. შესაბამისად, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. უნდა გავაგრძელოთ დავა სასამართლოში. მტკიცებულებების გამოკვლევის ფონზე დადასტურდება ის გარემოება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არ განუხორციელებია.
აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ციხიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი, უსაფრთხოების სამსახურთან გადის, თუ რას ლაპარაკობს თითოეული პატიმარი, როდესაც რეკავს პენიტენციური სამსახურიდან. რაოდენ არ უნდა ესმოდეს ადამიანს გარემოება, რომ ციხიდან ზარი განახორციელო და რაიმე სახის დავალება გასცეს ან კიდევ მიიღო დავალება ვინმე სხვა გარეშე პირისგან. შესაბამისად ჩანაწერებს ეჭვის ქვეშ ვაყენებ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ფაბრიკაციაა. დღეს არის ისეთი დახვეწილი ტექნიკა, რომ ხმის შეცვლა შეუძლია. იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის პრეროგატივაა, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ხმას ვერ ნახავთ აქ სადმე. მე ასე ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც მიზანმიმართული [ქმედება] გარკვეული პირების მიერ და გარკვეული პირების მიმართ. მიმაჩნია, რომ რაღაც ძალიან დიდი ომთან გვაქვს საქმე. ვერ გავახმოვანებ ბევრ ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ რაც წავიკითხე საქმის მასალა, უბრალოდ ძალიან დიდ ომში ვართ.
ჩანაწერზე, რა თქმა უნდა, ექსპერტიზას დავნიშნავთ, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ხმა იქ არ არის. შეიძლება ექსპერტიზაც არ დავნიშნოთ იმიტომ, რომ მისი ხმა არ არის. შეიძლება დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ, ამაზე შევჩერდებით მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი”, – განაცხადა თამარ აბესაძემ.
კითხვაზე, ბრალდებული იცნობს თუ არა „კვერცხას“ ან იმ პირებს, ვისაც ჩანაწერის მიხედვით ესაუბრება, ადვოკატი აცხადებს: „მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავისთან შემხებლობა არ აქვს არანაირი“.