გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე მისი ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა და გათვალისწინება. შეფასება განხილული იქნება ყველა დაინტერესებული ექსპერტის და მხარის ჩართულობით. ჩვენ დასკვნებს მივაწვდით როგორც მოსახლეობას, პირისპირ შეხვედრის დროს, ისე დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციო საბჭოს შემდგომ შეხვედრაზე“, – განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა მხარისთვის ბალდის კანიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია, რაც პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითვალისწინებს. სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო უზრუნველყოფს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას ექსპერტების ჩართულობით.
შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გასვლითი შეხვედრა გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.