აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი ამერიკელი სპეცრაზმელი წითელ ზღვაში, სომალის სანაპიროსთანაა დაკარგული. სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან საზღვაო ვერტმფრენები, დრონები და ხომალდები.
როგორც ცნობილია, სპეცრაზმელები 11 იანვარს გაუჩინარდნენ, როდესაც ცდილობდნენ შეეჩერებინათ უდროშო ხომალდის გადაადგილება, რომლებსაც, ამერიკული მხარის მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტები ირანიდან სავარაუდოდ იემენში ან სომალიში მიჰქონდა. სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი ძლიერმა ტალღამ გაიტაცა და მეორე სპეცრაზმელი ზღვაში მის გადასარჩენად გადახტა. თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევა, დიდი ალბათობით ადენის ყურეში მოხდა, სადაც წყალი თბილია, შესაბამისად სპეცრაზმელების მთავარი სირთულე წყალში არა ჰიპოთერმია, არამედ გადაღლა იქნებოდა.
აშშ-ს თავდაცვის ძალების წარმომადგენლების ცნობით, სპეცრაზმელები გაწვრთნილები იყვნენ უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობისა და გადარჩენისთვის.
ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ სპეციალური ოპერაცია, რა დროსაც ჯარისკაცები დაიკარგნენ, ჰუსიტების პოზიციებზე თავდასხმებთან კავშირში არაა. მისი თქმით, სპეცრაზმელები იემენში იარაღის არალეგალურად გადატანის შეჩერებას ცდილობდნენ.