„კატასტროფული ანგარიშია, – ასე ეხმაურება „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს.
როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ევროკავშირის ანგარიში ნათლად ასახავს იმ პრობლემებს, რომელთა შესახებაც საზოგადოება წლებია საუბრობს.
მისი თქმით, ყველაზე პარადოქსულია ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ინიციატივა თავად ხელისუფლებიდან წამოვიდა, თუმცა დღეს ხელისუფლება თითქოს ამ მიზანს თავს ანებებს:
„კატასტროფული ანგარიშია. ამ ანგარიშის განხილვასაც არ აქვს აზრი, რადგან რასაც საზოგადოება სთხოვს ხელისუფლებას და რაც საზოგადოებისთვის არის მიუღებელი – ამაზეა ლაპარაკი. რა არის მიუღებელი? – სასამართლო სისტემა, რომელიც არსებობს. საარჩევნო სისტემა, რეპრესიული კანონები, რომლებსაც იღებენ. მიუღებელია მედიის დევნა.
ყველაზე საინტერესო იცით რა არის?! ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ მოვინდომეთ. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს მიმართა და უთხრა რომ ამ ოჯახში გაწევრიანება უნდოდა. მიჩნდება ეჭვი იმისა, რომ ხელისუფლება ყიდდა იმას, რომ ევროკავშირი უნდოდა. ეტყობა, მათ ეგონათ, რომ ჩვენ არ მიგვიღებდნენ“, – განაცხადა დავითაიამ.
როგორც დავითაიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმ დონემდე მივიდა, რომ მხარეებს ერთმანეთის არ ესმით.
პოლიტიკოსის შეფასებით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად არ ისმენს ევროკავშირის გზავნილებს, რადგან ძალაუფლების დათმობა არ სურს.
დავითაია დასძენს, რომ ხელისუფლება არანაირ სტრატეგიულ მიმართულებას არ ირჩევს – არც დასავლეთისკენ, არც რუსეთისკენ.
„ეს სიტუაცია მაგონებს, როდესაც პირველ კლასელებს ფიზიკას უხსნიან. „ქართული ოცნება“ ვერ უხსნის ევროკავშირს, როგორც ისინი ვერ იგებენ „ქართული ოცნების“ ენას. ყველაფერი ასეთ დონეზე დავიდა. ვერ იგებს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ არ უნდა. არანაირ პრორუსულობაზე არ არის საუბარი – არ უნდათ ძალაუფლების დათმობა.
„ქართული ოცნება“ ავტოკრატიისკენ მიდის ძალიან სწრაფად და ეს გზა არის არსაით. არც რუსეთისკენ მიდის, არსაით მიდის ეს გზა. რუსეთიც იძულებულია, თორემ მასაც არ სჭირდება, უბრალოდ ეკონომიკურად იყენებს საქართველოს. ასეთი მიდგომები არავის სჭირდება. არავის ვჭირდებით და ამაზე აკეთებს ფსონს ხელისუფლება – ჯობია ჩვენთვის ვიყო, არ გამოვა ეს ამბავი“, – განაცხადა დავითაიამ.




