მომღერალი გიორგი უშიკიშვილი იმ მორიგ უსამართლობაზე საუბრობს, რომელიც მისთვის და მისი მეგობრებისთვის სიმღერის სწავლების აკრძალვას უკავშირდება:
“მორიგი უსამართლობა!
ხომ გახსოვთ, აკრედიტაცია რომ არ მოგვცეს სიმღერისა და გალობის სწავლების? სრულიად უკანონოდ, კანონის უგულებელყოფით.
ლევან შავაძემ ხომ გააფორმა ეს უკანონობა, ახლა ლევან შავაძის უკანონობა, მორიგი უკანონობით, აპელაციაში დაადასტურა გოგა ბუჭაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გამოგზავნილი 7 ექსპერტიდან, ექვსმა დადო დადებითი დასკვნა. მხოლოდ ერთმა – ლეილა მარუაშვილმა – წარმოადგინა დაუსაბუთებელი და მცდარი შენიშვნები. და, ოი საოცრებავ, კომისიამ არ გაითვალისწინა 6 ექსპერტის დადებითი დასკვნა და დაეყრდნო მხოლოდ ლეილა მარუაშვილს. აღსანიშნავია, რომ ლეილა მარუაშვილი არ არის დარგის სპეციალისტი!
დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში საბოლოოდ მაინც სამართალი იზეიმებს.
ჩვენ კი, გავაგრძელებთ ეროვნული საქმის კეთებას საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად.
მადლობა მხარდაჭერისთვის!”
არჩილ ჯანგირაშვილი:
“რა თქმა უნდა, რაც იყო მოსალოდნელი, ის მოხდა — აპელაციის საბჭომ ძალაში დატოვა აკრედიტაციის საბჭოს სრულიად არაარგუმენტირებული გადაწყვეტილება ტრადიციული მუსიკის პროგრამაზე.
მოკლედ შეგახსენებთ რაშია საქმე: აკრედიტაციის საბჭომ, რომელსაც საქმეში უკვე ჰქონდა ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნა (5 ექსპერტი), რომელიც პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების სრულ საფუძველს ქმნიდა, საბჭომ უნივერსიტეტისთვის გაუგებარი მიზეზებით მოიწვია ორი დამატებითი ექსპერტი ქ-ნი ლეილა მარუაშვილი (კლასიკური მუსიკის სპეციალისტი – არ არის დარგის სპეციალისტი) და ქ-ნი ნანა ვალიშვილი (ხალხური მუსიკის სპეციალისტი – არის დარგის სპეცილისტი). საბჭომ მხედველობაში არ მიიღო 5+1 დარგობრივი კომპეტენციის მქონე ექსპერტების მოსაზრება და თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ ლეილა მარუაშვილის 7-პუნქტიანი დასკვნა. იგივე გზას დაადგა სააპელაციო საბჭოც. არც კი ჩათვალა საჭიოდ, რომ დარგის ექსპერტი ვალიშვილი მოეწვია საბჭოს ორ სხდომაზე.
რაც შეეხება ლეილა მარუაშვილის დასკვნის შინაარსობრივ მხარეს. აქ ახლა არ განვიხილავ მას და ამას ცალკე პოსტს მივუძღვნით, რომელშიც დარგის სპეციალისტები ახსნიან, თუ რაოდენ ხარვეზულია შვიდივე პუნქტი, მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ამ საქმის სამართლებრივ დეტალზე, კერძოდ, აკრედიტაციის დებულების მიხედვით არსებობს კიდევ ერთი მოცემულობა, რომელიც ექსპერტების და საბჭოს მტკიცების ტვირთია, კერძოდ, აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს არსებული კანონმდებლობით წარმოადგენს ისეთი ხარვეზის არსებობა, რომელთა აღმოფხვრას ესაჭიროება 2 წელზე მეტი. დაწესებულებამ ვერ მივიღეთ პასუხი ვერც აკრედიტაციის საბჭოდან და ვერც აპელაციის საბჭოსგან, ვერც ზეპირი და ვერც წერილობითი ფორმით, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლეილა მარუაშვილის 7 პუნქტი იმდენად მძიმეა, რომ 2 წელიწადში იქნებოდა მისი გამოსწორება შეუძლებელი.
საოცარია, რომ აპელაციის საბჭოს ორ სხდომაზე (პირველ სხდომას ესწრებოდა აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მეორეზე აკრედიტაციის საბჭოდან არავინ იყო მოწვეული და ესწრებოდა ექსპერტი ლეილა მარუაშვილი) საბჭოს არცერთ წევრს არ გასჩენია შეკითხვა მოპასუხე მხარისათვის, თითქოს მარუაშვილის დასკვნა ისეთი დონის ჭეშმარიტებაა, რომ განხილვას არ ექვემდებარება.
ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით ამ ეროვნული პროექტის ჩაგდება არნახული უკანონობით მოხდა, რაზეც აკრედიტაციის და აპელაციის საბჭოების წევრებს სასამართლოსა და ENQA-ს წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა.”




