„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გვქონდა სამივე ორგანიზაციას“ – „ლაზიკა კაპიტალი“ წელს მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ წელს მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. როგორც „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ბესიკ შენგელიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, ორგანიზაციას ლიცენზიაზე განცხადება ჯერ არ შეუტანია, მაგრამ ეროვნულ ბანკთან „ლაზიკა“, „ემბისი“ და „კრისტალი“ შეხვედრებს აქტიურად ახორციელებენ.
„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გვქონდა სამივე ორგანიზაციას, რომლებიც კანდიდატები ვართ. კონკრეტული საკითხები განვიხილეთ და ვთხოვეთ გარკვეული ცვლილებები. ახლა ვართ უკუკავშირის მოლოდინში და პარალელურად, იმ კრიტერიუმებს გავდივართ რისი დაკმაყოფილებაც მოგვიწევს.
ყველას ჩვენი ბიზნეს პროფილი და მოდელი გვაქვს და რეკომენდაციები ამის მიხედვით წარვადგინეთ. მაგალითად ლიკვიდურობის საკითხში, ძველი ვერსიით საკმაოდ რთული მოთხოვნები იყო, ავუხსენით, რომ ეს არ იყო მიკრო ბანკისთვის პროპორციული მოთხოვნა. მიკრო ბანკის მსურველებს ბანკზე რთული მოთხოვნები არ უნდა გვქონდეს. წლის მთავარი მიზანია, მიკრობანკი გავხდეთ“, – ამბობს ბესიკ შენგელია.
მისი თქმით, ინვესტიციების კუთხით 2023 წელი წარმატებული იყო, თუმცა მიუხედავად ამისა პორტფელმა კლება აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ მიკრო ბანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი უკვე წარადგინეს „კრისტალმა“ და „ემბისიმ“. მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღება პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში გაამარტივა. ლიცენზიის მსურველი მიკრო ბანკი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებული იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის ან მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესახებ, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.