ევრონესტში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პასუხობს „ოცნების“ კრიტიკას და განმარტებას აკეთებს

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა გააკრიტიკა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატები ევრონესტის კრიტიკული რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, ამ საკითხზე რადიო თავისუფლებასთან განმარტება გააკეთა ს გუნდის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
ევრონესტში სომხური დელეგაციის ხელმძღვანელის, მარია კარაპეტიანის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის წევრებმა როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან ან თავი შეიკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ცალკეული [კრიტიკული] შესწორებების კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
თუმცა, მისი განმარტების თანახმად, დელეგაციის წევრების მიერ მხარდაჭერა სრული რეზოლუციისა, – რომელშიც „ქართული ოცნების“ მიმართ მკაცრად კრიტიკული ასპექტებიც შევიდა, – განაპირობა სომხეთისთვის პრიორიტეტულმა არაერთმა ჩანაწერმა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერების გათვალისწინებით სომხეთის დელეგაცია კენჭისყრისგან „თავს ვერ შეიკავებდა და წინააღმდეგ ვერ წავიდოდა“.
„თავისივე პრემიერს გამოუცხადეს უნდობლობა“ – წილოსანი
„ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა დღეს, 3 ნოემბერის სომხეთის მმართველი გუნდის წევრი დეპუტატები გააკრიტიკა ევრონესტის იმ რეზოლუციის მხარდაჭერის გამო, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში „გაყალბებული“ უწოდა.
„მოდით, ვნახოთ, ვინ არიან ევრონესტის რეზოლუციის ხელმომწერები“, – თქვა ნინო წილოსანმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას და ჩამოთვალა:
· „რა თქმა უნდა, ის ცნობილი და უკვე ქართველების მტრად პოზიციონირებული ევროპარლამენტარები, ვისაც არაერთხელ მიუღიათ მსგავსი რეზოლუციები;
· მეორე მხრივ, სამწუხაროდ, თავად სომეხი დეპუტატები, რომელთაც, ფაქტობრივად, საკუთარ პრემიერს გამოუცხადეს უნდობლობა“.
წილოსანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი „არაერთხელ, ოფიციალურად და სხვადასხვა ვიზიტით ყოფილა საქართველოში, შეხვედრია ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ლეგიტიმურ ხელისუფლებას“:
„მათი დეპუტაციის მხრიდან რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობაზეა საუბარი, პირდაპირ ალბათ [ნიშნავს, რომ] საკუთარ პრემიერ-მინისტრის უცხადებენ უნდობლობას“, – განაცხადა წილოსანმა.
„ამიტომ, ერთი არგუმენტი თუ მეორე ნათლად გვაჩვენებს, რამდენად უაზრო და შინაარსისგან დაცლილი რეზოლუციაა“, – თქვა მან.
მანამდე, 1 ნოემბერს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევრონესტის კრიტიკულ რეზოლუციაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია „ევრონესტის“ არც მომდევნო სესიებში არ მიიღებს მონაწილეობას.
ევრონესტის რეზოლუცია
ერევანში გასულ კვირას გამართულმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, – რომელშიც არ მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, – რამდენიმე რეზოლუცია მიიღო.
მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ქვეყნებს ეხება, მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს. კერძოდ,რეზოლუცია:
· „გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე“;
· „გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არღვევდა დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, არ ცნობს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“;
· „კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი პროტესტების სასტიკ ჩახშობას, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ დარღვევებს“;
· „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი;
· კერძოდ, მოითხოვს სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას“.
სომხეთის დელეგაცია ევრონესტში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის პარლამენტის 10 წევრი ირიცხება.
· მათგან 6 არის ს პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წარმომადგენელი: მარია კარაპეტიანი, არმან იეღოიანი, ბაბკენ ტუნიანი, სარგის ხანნი, მერი გალსტიანი და თათევიკ გასპარიანი;
· სამი დეპურატი წარმოადგენს ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთს“ [დაკავშირებულია ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან]: არტურ ხაჩატურიანი, ანა გრიგორიანი, ელინარ ვარნი
· ერთი დეპუტატი ოპოზიციური ფრაქცია„პატივ უნემიდან“ („მაქვს პატივი“ – ექსპრემიერ სერჟ სარქისიანის პარტია) – ჰაიკ მამიჯანიანი.
რას ამბობს დელეგაციის ხელმძღვანელი
სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ევრონესტში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარია კარაპეტიანი რადიო თავისუფლებასთან წერილობით განმარტავს:
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის წევრებს როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან არ მიუციათ ხმა საქართველოსთან დაკავშირებულ შემოთავაზებულ შესწორებებზე“.
მისი თქმით, დელეგაციის წევრებმა ან თავი შეიკავეს საქართველოსთან დაკავშირებულ ამ ცვლილებებზე ხმის მიცემისგან, ან საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, – გარდა ერთი შემთხვევისა:
„წარმოდგენილი იყო წინადადება, რომელიც ეხებოდა სიტყვების, „სამხრეთ ოსეთის“, ჩანაცვლებას სიტყვებით, „ცხინვალის რეგიონი“, რასაც რამდენიმე სომეხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მარია კარაპეტიანის განმარტებითვე, შესწორების ცალ-ცალკე მიღების შემდეგ, კენჭისყრაზე გავიდა სრული რეზოლუცია, რომელიც „შეიცავდა სომხეთისთვის მნიშვნელოვან დებულებებს, მათ შორის მმართველი პარტიის დეპუტატების წინადადებით რეზოლუციის პროექტში შეტანილ დებულებებს“.
კარაპეტიანმა ჩამოგვითვალა ეს დებულებები:
· „დებულება, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაანონსებული სამშვიდობო შეთანხმების დადების მიმართ, ასევე „ტრამპის მარშრუტის“ მხარდაჭერა;
· დებულება, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ არსებული შეთანხმების მიმართ;
· დებულება, რომელიც ხაზს უსვამს საზღვრის დემარკაციის პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობას.
· დებულება, რომელიც აზერბაიჯანული ჯარების სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან გაყვანას ითვალისწინებს.
· დებულება, რომელიც მოითხოვს აზერბაიჯანში დაკავებული სომხეთის მოქალაქეების საკითხის მოგვარებას“
„სომხეთის დელეგაციას არ შეეძლო თავი შეეკავებინა ან ხმა მიეცა ასეთი დებულებების შემცველი რეზოლუციის წინააღმდეგ“, – განგვიცხადა მარია კარაპეტიანმა.