პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს, შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო “ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა.” ასევე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ელჩმა ღარიბაშვილს ინფორმაცია მიაწოდა ტაივანში ჩატარებულ არჩევნებზე.
“მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქ. პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს − სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე. ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან 5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ლაიმ ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ დაიცავს ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან და შეინარჩუნებს სტატუს-კვოს.
ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანი მისი განუყოფელი ნაწილია.