გიგი წერეთელი – გაგრელი ქალბატონის დაკავება, რომელმაც ჯერ იქ რა გზა გაიარა, ანომალიაა – ეს ხალხი არსად წავა, შემოტევას ოპოზიციამ კონსოლიდაციით უნდა უპასუხოს, არ უნდა მოხდეს, რომ „ოცნებამ“ გააკეთოს ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული აქვს

„ქართული ოცნება“ თავის მართლების ეტაპიდან აგრესიის ეტაპზე გადავიდა, გვესმის ლანძღვა-გინება და [პარტნიორების] დადანაშაულება, რომ „სხვადასხვა ტიპის სტანდარტი არსებობს“, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს და ამას ვერავინ ხედავს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა შეიძლება ჩაიწეროს საქართველოს საკითხზე გაფართოების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ხვალ, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
გიგი წერეთლის შეფასებით, საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები გაკეთდება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
„ქართული ოცნება“ თავის მართლების ეტაპიდან აგრესიის ეტაპზე გადავიდა. გვესმის ლანძღვა-გინება და დადანაშაულება, რომ სხვადასხვა ტიპის სტანდარტი არსებობს, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს და ამას ვერავინ ხედავს. ეს ხდება ყველა ფრონტზე, რომელიც დასავლეთსა და ევროპას ეხება, იგივე ხდება ევროპის საბჭოსთან, „ეუთოსთან“, „ევრონესტთან“ დაკავშირებით. „ევრონესტი“ დიდი ასამბლეა არ არის, თუმცა იქ არიან ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, ასევე ევროპარლამენტის დელეგაცია. „ევრონესტის“ რეზოლუციას რა რეაქციები მოჰყვა, წარმოუდგენელი იყო. იქ რამდენჯერმე გაცხადდა, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაცია არავის დაუბლოკია. „ოცნება“ უკმაყოფილოა, რადგან რა ვალდებულებებიც აიღეს, ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, არცერთს არ ასრულებენ. მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე კი არა, სრულიად დემოკრატიაზე უარის თქმაზეა საუბარი. მტკივნეული და სამწუხაროა, როდესაც საუბარია კანდიდატ ქვეყნებზე, საქართველოზე საუბარი არ არის, ან თუ არის – უარყოფით კონტექსტში“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ასევე, გიგი წერეთელმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც შეაფასა და მას „მძიმე“ უწოდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ უსიამოვნო იქნებოდა კრიტიკის მოსმენა და ამიტომ თქვა უარი სომხეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
„რეზოლუციაში ძალიან მკაცრი და მკაფიო ჩანაწერი გაკეთდა, წარმოუდგენლად მძიმედ იყო აღქმული პარტიების აკრძალვის საკითხი. ტროლ-ბოტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ტყუილი მაგალითები მოჰყვათ, მაგრამ წარმოუდგენელია, ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ევროკავშირს შეუერთდეს, პროდასავლური პარტიები აკრძალოს. ასევე რეზოლუციაში ხაზგასმული იყო კვლევის ტერმინალში ნედლი ნავთობის შემოტანის საკითხიც, რომელზეც მწვავე განცხადებები იყო.
სომხეთში გამართულ შეხვედრაზე უსიამოვნო იქნებოდა კრიტიკის მოსმენა, ამის მოსმენა არ უნდოდათ, ამიტომ იქით შეედავნენ.
გვინდა, რომ სამეზობლოში და პარტნიორ ქვეყნებში კარგად წავიდეს საქმე, რადგან ეს პოზიტივი ჩვენზეც მოქმედებს, ისევე როგორც, ნეგატივი – რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენზე ცუდად მოქმედებს. ვხედავთ მოლდოვას დიდ წარმატებას, სომხეთის წინსვლაც თვალნათელია და ჩვენ სად ვართ? – მუდმივად მძიმე, კრიტიკული ღრუბლის ქვეშ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა, ასევე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი შეფასებით, მათ „ქართული ოცნება“ რამდენჯერმე კრიტიკით გააფრთხილეს, რომ გერმანიასთან და მის ელჩთან ამგვარი დამოკიდებულება არ შეიძლება.
„ძალიან ცუდი ფაქტი იყო. ჩვენ ჩვენი კრიტიკით „ქართული ოცნება“ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ არ შეიძლება გერმანიასთან და მის ელჩთან ამგვარი დამოკიდებულება. დასავლეთთან შებრძოლება, ფინეთის საგარეო მინისტრისა და ევროპარლამენტის წევრის ან დეპუტატის გალანძღვა არ შეიძლება, ამით თითქოს, რაღაც სუვერენიტეტს აჩვენებენ, რომ ძლიერი დამოუკიდებლობისა და ეროვნულობის მატარებლები არიან. პარტნიორებს ლანძღავ და რუსეთს არ აკრიტიკებ, რომელიც დამოუკიდებლობასა და მომავალს გიხაზავს და მუდმივად საშიშროების წინაშე გაყენებს, რომ სულ რაღაც ექსპანსიის ბრძოლებში იყო ჩართული. მეზობელია და მეზობლად დარჩება, უნდა გამოინახოს, ოდესმე ურთიერთობის გზები, თუ ის ნორმალურად მოიქცევა, მაგრამ საქართველოს მომავალი რუსეთს არ უნდა დაუკავშირდეს. გაფართოებაც არ უნდა ეგონოს ვინმეს, რომ ვინმემ უნდა შეგვათრიოს. ევროპის გაფართოება იქნება ყველაზე ეფექტური პასუხი, ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული მოძრაობების ირგვლივ, მათ შორის ს წინააღმდეგ, ჩვენ ამის შანსი გვქონდა და ამ შანსს ვკარგავთ, დღეებს ითვლის ეს ამბავი.
თქვენ ნახეთ, გაგრელი ქალბატონი, ჯერ იქ რა გაიარა, შემდეგ იქიდან გამოსვლა და აქ ინტეგრაცია და დღეს ეს ადამიანი ციხეში შეიძლება გაუშვან, პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვისთვის, ეს ანომალიაა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას საით მიჰყავს ქვეყანა. ასევე, ვხედავთ თუ შიგნით რაც ხდება, მკერდში ხელს ირტყამდნენ პატიოსნები ვართო და კორუფციას შეუჭამია [ქვეყანა] და მათ უახლოეს ადამიანებს ადებენ ხელს და რიგი დააყენეს საპატიმროებში ხალხის ჩასასმელად, თავიანთივე ლიდერებისა და წევრების. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიყოთ, არა ფრანგები და ფინელები, თუმცა ისეთივე სტანდარტებით ვიცხოვროთ, როგორც ეს ხალხი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო საჩივარს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია 3 ოპოზიციური კოალიციის აკრძალვას ითხოვს, გიგი წერეთელს მიაჩნია, რომ ამაზე ოპოზიციამ მეტი კონსოლიდაციით უნდა უპასუხოს.
„როდესაც საუბარია ტერორიზმთან დაკავშირებულ ან ფაშისტურ პარტიებზე, ან რელიგიური შუღლის გაღვივებისთვის შექმნილ პარტიებზე, შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი გასაგები, მაგრამ თუ ჩვენ მოცემულობად მივიღებთ, რომ „ქართული ოცნება“ ავტოკრატიული ტიპის ხელისუფლებაა, მაშინ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, მათ შორის პარტიების აკრძალვაც, ადამიანების დაპატიმრებაც. მათი ამოცანაა, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ველი, სადაც კონსტრუქციული ოპოზიცია ეყოლება, რომელთანაც რაღაც სპექტაკლებს დადგამენ და დემოკრატიის ფასადი იქნება, შიგნით ავტორიტარიზმით, თუმცა ამ ფასადის შენარჩუნებასაც დასავლეთთან რაღაც ტიპის ურთიერთობა და აღიარება სჭირდება.
ეს ხალხი არსებობს და ეს ხალხი არსად არ წავა. ვფიქრობ, რომ ასეთ შემოტევას [ოპოზიციამ] მეტი კონსოლიდაციით უნდა უპასუხოს, რომ შემოტევები მოვიგერიოთ. მთავარია რეზისტენტობა იყოს შენარჩუნებული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაც აქვს ჩაფიქრებული, ყველაფერი გააკეთოს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.