18 სინათლის წლის მანძილზე, ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა

აღმოჩენილია ახალი ეგზოპლანეტა, რომელიც შეიძლება ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილთა შორის საუკეთესო უცხო პლანეტა იყოს არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.
ის ჩვენგან სულ რაღაც 18 სინათლის წლითაა დაშორებული — სუპერდედამიწის ტიპის პლანეტას, სახელად GJ 251c-ს, დედამიწაზე 3,84-ჯერ მეტი მასა აქვს. ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი კი ის არის, რომ ის თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს — ორბიტულ მანძილზე, რომელზეც ისეთი გარემოა, რომ პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება.
„ეგზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, ანუ ვარსკვლავისგან ისეთ მანძილზე, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა, თუკი შესაფერისი ატმოსფერო აქვს“, — განმარტავს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი სვრათ მაჰადევანი.
მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ იმ ინგრედიენტთა კომპლექსური ნაზავის დადგენას, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის აღმოცენების საშუალებას იძლევა. თუმცა, არსებობს რამდენიმე დიდი მახასიათებელი, რომელიც იქამდე უნდა ვეძებოთ, ვიდრე კანდიდატის უფრო დეტალური კვლევას დავიწყებთ.
პირველი ორი რამ, რასაც მეცნიერები ეძებენ, არის — აქვს თუ არა პლანეტას დედამიწის მსგავსი მყარი, კლდოვანი შემადგენლობა, რადგან ის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლე არსებობს; და ასევე, არის თუ არა პლანეტა თავისი ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე, რომ მის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი ტემპერატურა იყოს.
ამ დროისათვის აღმოჩენილ ათასობით ეგზოპლანეტას შორის იშვიათია ისეთი, რომლებიც ამ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ისეთი პლანეტა, რომელიც არა მხოლოდ ამ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, არამედ საკმარისად ახლოსაც არის დეტალურად შესასწავლად — ნამდვილი განძია განძთა შორის.
„ეს პლანეტა იმით არის განსაკუთრებით ღირებული, რომ მისი დედავარსკვლავი ჩვენგან საკმაოდ ახლოსაა, სულ რაღაც 18 სინათლის წლის მანძილზე. კოსმოლოგიური თვალსაზრისით, ეს გვერდითა კარია“, — ამბობს ირვაინში კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი პოლ რობერტსონი.
ეგზოპლანეტა გარს უვლის ვარსკვლავს, სახელად GJ 251 — წითელ ჯუჯას, რომელსაც მზის მასისა და დიამეტრის დაახლოებით მესამედი აქვს. ვინაიდან ის პატარა და ცივია, სასიცოცხლო ზონა მასთან გაცილებით ახლოს არის, ვიდრე მზის სისტემის სასიცოცხლო ზონა მზესთან. ამის გამო, იქ არსებული პლანეტების დაფიქსირება შედარებით ადვილია, რადგან აქვთ მოკლე ორბიტები და შესაბამისად, სიგნალიც უფრო ხშირად ჩნდება.
ასტრონომთა ჯგუფმა კორეი ბეარდის ხელმძღვანელობით, GJ 251 დაკვირვებების მიზანში ამოიღო დაბალმასიან პლანეტათა საძებნელად, რომლებიც შეიძლება პირდაპირი ვიზუალიზაციის კარგი სამიზნეები ყოფილიყვნენ. ეს ვარსკვლავი იმიტომ აირჩიეს, რომ მის გარშემო უკვე იყო აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, სახელად GJ 251b — სუპერდედამიწა, რომელსაც 3,85 დედამიწის მასა და 14,2-დღიანი ორბიტა აქვს, ანუ ვარსკვლავთან იმდენად ახლოსაა, რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ვერ იქნება. ასტრონომებმა ასევე შეაგროვეს ამ ვარსკვლავზე 20 წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებათა მონაცემები.
არსებულ მონაცემებზე დამატების შემდეგ, მკვლევრებმა მიიღეს ახალი, მაღალი რეზოლუციის დაკვირვებები, რომელთა საფუძველზეც შეძლეს ვარსკვლავის იმ ციცქნა მოძრაობათა შესწავლა, რასაც იწვევს მის გარშემო მოძრავი რაიმე პლანეტის გრავიტაციული მოქაჩვა. მათდა გასახარად, მკვლევრებმა იპოვეს არა მხოლოდ უკვე ცნობილი პლანეტის სიგნალი, არამედ მეორე, 53,6-დღიანი პლანეტის მტკიცებულებაც, რომელიც სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს.
GJ 251c-ის შესახებ ჯერ არც ისე ბევრი რამ ვიცით. გრავიტაციული მიზიდვით, რომლითაც ის ვარსკვლავზე ზემოქმედებს, დადგინდა მისი მასა, მაგრამ ვინაიდან ჩვენი გადმოსახედიდან ის თავისი ვარსკვლავის წინ არ ჩაივლის, დამატებითი მონაცემების გარეშე შეუძლებელია დიამეტრისა და სხვა მახასიათებლების დადგენა.
საბედნიეროდ, ის შემდეგ დაკვირვებათა ძირითადი სამიზნეა. მკვლევრებს სჯერათ, რომ ეგზოპლანეტა დაფიქსირებადი იქნება სამომავლო პირდაპირი ვიზუალიზაციის კამპანიებში, რომლებშიც ასტრონომები პლანეტებს იკვლევენ არა მხოლოდ ვარსკვლავზე მისი ეფექტებით, არამედ პირდაპირ თავად ეგზოპლანეტას აკვირდებიან.
ვრცლად პირველ არხზე