ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის სურვილი არ უნდა შეეზღუდოთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმის განხილვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს აირჩიოს 11 წლიანი სწავლება უნდა, თუ 12 წლიანი.
“თუ 12-წლიანი სწავლება აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპის სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება შეძლონ და თუ ევროკავშირში ინტეგრირება გვინდა – თაობას, რომელსაც იქ სწავლა უნდა ეს არ უნდა შევუზღუდოთ. ვფიქრობ, რომ თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. 11-წლიანი სწავლება უნდა თუ 12-წლიანი ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს. ახლა ჩვენ, რომ 11-წლიანი სწავლება შემოვიღოთ და შემდეგ ბავშვმა გამოსავალი ეძებოს, თუ როგორ მოხვდეს უცხოეთში – ეს არ არის სწორი”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, მთავრობა განათლების რეფორმას გეგმას. რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განიხილება სკოლების ნაწილში 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა. მისი თქმით, ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




