სპეციალური პრიზი პატიმრობაში მყოფ ზვიად რატიანს გადაეცა – გამოავლინეს „ლიტერას“ გამარჯვებულები

„პენ საქართველოსა“ და „ლიტერას“ სპეციალური პრიზი გადაეცა პატიმრობაში მყოფ პოეტსა და მთარგმნელ ზვიად რატიანს; ასევე, გამოავლინეს გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში.
„პენ საქართველოსა“ და კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილება დღეს საღამოს, 31 ოქტომბერს გააცნო საზოგადოებას „პენ საქართველოს“ პრეზიდენტმა ხათუნა ცხადაძემ.
მისი სიტყვებით, ზვიად რატიანს ჯილდო გადაეცა „უბრალოებასა და სიმართლეში ადამიანური ღირსების პოეტურ სიტყვად ქცევისათვის, ჩაგვრასა და უკანონობასთან მებრძოლი წინააღმდეგობის კოლექტიური სულისკვეთების გამოხატვისთვის, შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება“.
ზვიად რატიანს 9 ოქტომბერს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რატიანმა განაცხადა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა – რის გამოც 23 ივნისს პარლამენტთან დააპატიმრეს – იყო სიმბოლური აქტი, რომლის შთაგონებადაც იქნენ პედაგოგი ნინო დათაშვილი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ისინიც დაპატიმრებულები არიან.
გარდა ამისა, პრემია ხუთ ნომინაციაში გაიცა. გამარჯვებულები არიან თინათინ ნოღაიდელი და ნიქო გორგილაძე, თამთა დოლიძე, ანა მარგველაშვილი, არმაზ ბეკარი (რეზო ჯორბენაძე) და ნოდარ ლადარია.
დაჯილდოების ცერემონიალი საპროტესტო სულისკვეთების ფონზე ჩატარდა.
წლის საუკეთესო დებიუტი
ამ ნომინაციას ორი გამარჯვებული ჰყავს:
· თინათინ ნოღაიდელი – „ულვაშები“ (სულაკაურის გამომცემლობა);
· ნიქო გორგილაძე – „აქ მიპოვი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)