დიდი ხანია, რაც „ქართული ოცნება“ პარტიული პოლიტიკისა და მთლიანად პოლიტიკის დასრულებისკენ მიდის – სურთ, ქვეყანა მართონ ისე, როგორც საბჭოთა საქართველოში იმართებოდა, – ამ კონტექსტში აფასებს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის ყოფილი წევრი თეონა აქუბარდია.
როგორც აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აკრძალვის პროცესს პატარა ოპოზიციური პარტიები აუცილებლად მიყვება და ნებადართული მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის სისტემური ოპოზიცია იქნება.
„ქართული ოცნების“ მანიპულაციური განცხადებები მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს რეალობასთან ადეკვატური არ არის. ამას ისიც მოწმობს, რომ პარტიები, რომელიც მოლდოვასა და უკრაინაში აიკრძალა, ცალსახად პრორუსული პარტიები იყვნენ და უკრაინის და მოლდოვას სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედებებს ისახავდნენ მიზნად. საქართველოს შემთხვევა სრულიად განსხვავებულია, რადგან საუბარია პროდასავლური პარტიების აკრძალვაზე, რომლებმაც სადაო არჩევნებშიც კი ხალხისგან მანდატი მიიღეს. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ სამი პარტიის გაუქმებაზე, პატარა პარტიების გაუქმებაც, რომლებიც როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ მოძლიერდებიან და 5%-იან ბარიერთან მივლენ, აკრძალვის პროცესს აუცილებლად მიყვებიან. იმის მიუხედავად, რომ ცალკეული პოლიტიკოსების აკრძალვა ამ ეტაპზე ვერ გაბედეს, ხაზი გაესვა იმას, რომ თუ აკრძალული პარტიების წევრი პოლიტიკოსები სხვა პარტიის საარჩევნო სიაში შევლენ, პრობლემა იმ პარტიასაც შეექმნება.
ეს ყველაფერი ჩვენს თანამოქალაქეებს იმ წარსულს უნდა ახსენებდეს, რომელიც საბჭოთა საქართველოში ერთპარტიულ არჩევნებს უკავშირდებოდა. ნებადართული მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის სისტემური ოპოზიცია იქნება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
აქუბარდიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროპასთან დალაგების არანაირი რესურსი არ გააჩნია. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელებთან კომუნიკაციას გაურბიან, რაზეც მათ შორის ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებაზე უარი თქმა მიუთითებს.
აქუბარდიას აზრით, „ქართული ოცნება“ ღიად იზოლაციონიზმის გზას დაადგა.
„მათ ჰქონდათ ამ სივრცეში მისვლის და თუნდაც მათი სიმართლის წარმოდგენის შესაძლებლობა. ეს ღიად იზოლაციონიზმის პოლიტიკის მაჩვენებელია. ევროკავშირს იმის გამო გაუბრაზდნენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში არ დაპატიჟეს. თქვეს, რომ ამაში „დიფ სთეითის“ ხელი ერია. ევრონესტზე არმისვლით აჩვენეს, რომ ამ შემთხვევაში თავად ივანიშვილია „დიფ სთეითი“, რომელი ქვეყნის არჩეული კურსის წინააღმდეგ წავიდა და თავად ამოქოლა შესაძლებლობა, რომ ევროპელ დიპლომატებთან ესაუბრა. სალაპარაკო არც არაფერი აქვთ, რადგან ევროპასთან ვერ ლაგდებიან ისეთები, როგორებიც არიან.
„ქართული ოცნების“ იზოლაციონიზმზე მიუთითებ, როცა საქართველოში ჩამოსული ეუთოს თავმჯდომარე ლანძღეს, „აკაცუკი“ ეძახეს და დააჯარიმეს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს იმასაც, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლის გაფორმებისთვის ემზადება და ამაში მისი დასაყრდენი ივანიშვილის რეჟიმია, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
„თუკი ამბობ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაფორმდეს თავდაუსხმელობის შეთანხმება და დაიწყოს ტერიტორიების აღიარება“, – განაცხადა აქუბარდიამ.




